Google+

რელიზები

17.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა

„მინდა ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ, თქვენ და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ბედნიერი მომავალი, სიმშვიდე და წარმატება გისურვოთ!" - მიმართა ნინო ბურჯანაძემ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს დღეს აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მშვიდი პოლიტიკური გარემო ჩამოყალიბდება, როდესაც მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ექნებათ მყარი განცდა იმისა, რომ დაწყებული რეფორმები და პოლიტიკური კურსი გაგრძელდება.

შეხვედრაზე საუბარი რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ვითარებასაც შეეხო.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში რთული შიდა პოლიტიკური რეალობა საყურადღებო კიდევ ერთი ფაქტის, 2007 წლის დეკემბერში კოსოვოს დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების გამო იყო, ვინაიდან რუსეთის მხრიდან არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ კოსოვოს აღიარების შემთხვევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე ბუნებრივია, საქართველოს მწვავე რეაქცია ექნება.

ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი ქვეყნაში არავის სურს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო სამართლთებრივ მექანიზმს გამოიყენებს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ მომხრენი ვართ რუსეთთან თანაბარი, კეთილმეზობლური ურთიერთობისა, თუმცა ეს ვერ იქნება მიღწეული ქართული ეროვნული ინტერესების ხარჯზე," - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოში გასამართ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო.

ნინო ბურჯანაძემ ქვეყნისათვის 5 იანვრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე იმსჯელა და ამ პროცესის გამჭვირვალობისთვის განხორციელებულ საკუთარ ინიციატივებზე ისაუბრა. განიხილა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა მოწვევის მნიშვნელობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რის შემდეგაც ერთხელ და სამუდამოდ ვიტყვით, რომ ქვეყანა შეუქცევადად დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ არჩევნების მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ ჩასატარებლად, რათა არც ერთ თქვენგანს არ ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მოატყუეს და მისი არჩევანი არ გაითვალისწინეს", - განაცხადა მან.

პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე ასევე განათლების რეფორმის, უნივერსიტეტის რეაბილიტაციისა და სტუდენტთა დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)