რელიზები
12.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს ესაუბრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრ პეტრე ცისკარიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან გამართა შეხვედრა და მათ იაფი კრედიტების მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ხელისუფლების 50-დღიანი პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი კომპონენტი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იაფი კრედიტების გაცემაა. მისი თქმით, ეს ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ხოლო ახალი საწარმოების გახსნა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების წარმოქმნას, რაც, თავის მხრივ, სიღარიბის დაძლევის საწინდარია.
"იაფი კრედიტის გარდა, ჩვენ უნდა განვავითაროთ მიკროკრედიტი, იპოთეკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს უნდა ქონდეს საშუალება კრედიტი მოსავლის აღებამდე აიღოს, რათა შეისყიდონ სასუქი, ტექნიკა, ამაში მათ ჩვენც დავეხმარებით. მათ იმის საშუალებაც უნდა მივცეთ, რომ მოსავლის აღებასთან ერთად კრედიტი დააბრუნონ. ხალხს უნდა ჰქონდეს ბაზარზე გასვლის შანსი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური