05.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში ცემენტის ქარხანა მოინახულა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავს ესტუმრა და "ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხანა მოინახულა, სადაც ახალი საამქრო გაიხსნა. როგორც მან აღნიშნა, რუსთავი 100-პროცენტიანი დასაქმების ქალაქი უნდა გახდეს.
"რუსთავში სამუშაო ადგილის გარეშე არ უნდა იყოს არც ერთი ადამიანი, რომელსაც უნდა და შეუძლია მუშაობა. დღეს ჩემთვის ბედნიერი დღეა, რადგან ქვეყანაში კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა და კიდევ ათეულობით ადამიანის დასაქმება გახდა შესაძლებელი. ყოველი ახალი საწარმო, ყოველი ახალი დასაქმებული ადამიანი, მით უმეტეს, რომ აქ ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა, საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ამ ქალაქმა 15 წელი დაკარგა, სპეციალისტების მთელი თაობა საკუთარ საქმიანობას ჩამოშორდა, მაგრამ ახლა ქალაქში ორი დიდი ინვესტორია, რომელიც ეტაპობრივად ასაქმებს რუსთაველ სპეციალისტებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა არმატურის დამამზადებელი მშენებარე ქარხანაც დაათვალიერა, რომელიც ინდურ-ბრიტანული ინვესტიციით შენდება.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ინვესტორების შემოსვლა და მშენებლობა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში დამყარებული სტაბილურობის შედეგია.
პრეზიდენტი რუსთავის ერთ-ერთ ოჯახსაც ესტუმრა და წარჩინებულ მოსწავლეს ქეთი გურგენიძეს გაესაუბრა. პრეზიდენტმა ყურადღება განათლების რეფორმასა და საშუალო სკოლებში დაგეგმილ იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებსაც ცოდნის დონის ამაღლება უნდა მოჰყვეს.
"ვიწყებთ პროგრამას, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე 7 ათას წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა კომპიუტერი. ეს იმისათვის კეთდება, რომ ბავშვებმა მეტი შესაძლებლობები გამოავლინონ და საკუთარ თავსა და ოჯახებს უზრუნველყოფილი მომავალი შეუქმნან. ქეთი "ოქროს მედლის" ერთ-ერთი კანდიდატი უნდა იყოს, რომლის აღდგენასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი, რათა ამ მედლების მაკეტი მოსწავლეებმა თავად შექმნან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური