საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს წყნეთის პედაგოგთა სახლში, მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა "პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" ორგანიზებით გაიმართა და მასში განათლების მინისტრიც მონაწილეობდა. "პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმისათვის, რომ ბოლო პერიოდში მისი ინიციატივით პედაგოგებისთვის ბევრი რამ გაკეთდა. კერძოდ, გაუქმდა ერთწლიანი კონტრაქტები, შესაძლებელი გახდა პედაგოგებისთვის სახელმწიფო დაზღვევის უზრუნველყოფა, ფასიანი გახდა პედაგოგთა 40-დღიანი შვებულება და შეიქმნება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი თანამედროვე, მაღალხარისხიანი, დაფინანსებული სისტემა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და აღნიშნა, რომ კეთილმოწყობილი სკოლა და განათლება მისთვის პრიორიტეტია. მისი თქმით, სკოლების რემონტისთვის წელს სახელმწიფომ 75 მილინონი ლარი გამოყო, უნივერსიტეტების რეაბილიტაციისთვის - 12 მილიონი ლარი. სახელმწიფო უნივერსიტეტის "ცოდნის ქალაქის" მშენებლობისათვის კი 200 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ამას გარდა, 16 მილიონი ლარით დაფინანსდა პროგრამა "ირმის ნახტომი", რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ინტერნეტის ქსელის არსებობას და სკოლების კომპიუტერიზაციას ითვალისწინებს. პრეზიდენტის თქმით, წელს 1,5 მლნ ლარი სკოლების სპორტული მოედნების კეთილმოწყობისთვისაც გამოიყო. მომავალ წელს აღნიშნული თანხა კიდევ გაიზრდება.
რაც შეეხება პედაგოგთა ხელფასებს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მასწავლებელთა წახალისება, ზრდის პროცესშია მათი სახელფასო მინიმუმი. პრეზიდენტმა მეცამეტე ხელფასის აღდგენის თაობაზეც ილაპარაკა.
მიხეილ სააკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მასწავლებლებისთვის დაზღვევის უფასო ვაუჩერების დარიგება დაავალა.
"აუცილებელია მასწავლებელთა ზოგადი წახალისების სწორი სისტემა შეიქმნას. როგორც იცით, ივნისში გავცემთ მეცამეტე ხელფასს. მასწავლებლებისათვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია... სკოლის ლიცენზირების გაუქმებაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს ლიცენზია დემოკლეს მახვილივით იყო ჩამოკიდებული სკოლაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების შესახებ პედაგოგებმაც ილაპარაკეს და პრეზიდენტს წარუდგინეს 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ მიერაა შედგენილი. მიხეილ სააკაშვილს უმთავრესად მიაჩნია დისკუსია გაიმართოს იმ პედაგოგებთან, რომლებიც ეთანხმებიან განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს და მათთანაც, რომლებიც არჩეული პოლიტიკის ამა თუ იმ ასპექტს ეწინააღმდეგებიან.
"ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ საქმეს ვაკეთებთ, ამ ქვეყნის პატრიოტები ვართ და შეუძლებელია იყოს საკითხები, რომლებზეც პატრიოტები ვერ შეთანხმდებიან. თუ საქართველოში არ გაიზარდა განათლებული თაობა, არ იქნება საქართველო, არ გვექნება მომავალი და არ გვექნება პერსპექტივა, არც მსოფლიოში იქნება ჩვენი ადგილი და არც ქართველებს ექნებათ კეთილდღეობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა და მათ მაწავლებელთა წახალისებაზე და აღნიშნა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი საქმეა, რადგან სწორედ ასე ხდება სწავლისა და სწავლების სტიმულირება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური