Google+

რელიზები

13.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტიპენდიანტებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის სტიპენდიანტებს შეხვდა. ორი წლის განმავლობაში 158 სტუდენტი უცხოეთში სამაგისტრო და სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად იყო წასული. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალ სასწავლო წელს დაგეგმილია 300-მდე სტუდენტის გაგზავნა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ექსპორტი სწორედ ინტელექტი და განათლებაა.

"ახლა ნამდვილად ვხედავ, რომ, პრაქტიკულად, თითოეული თქვენგანი საქართველოს წინსვლასა და განვითარებას ემსახურება. ეს ასე თითქმის არასდროს არ ყოფილა. როგორც წესი, არც არავინ აგზავნიდა სტუდენტებს სასწავლებლად და არც არავინ ელოდებოდა მათ უკან. ახლა ჩვენ ვაგზავნით ახალგაზრდებს და მოუთმენლად ველით და რაც ყველაზე მთავარია, ვიღებთ მათ უკან. საბოლოოდ, დღეს ცალ-ცალკე თავს ვერავინ ვერ უშველის და ცალ-ცალკე თავს ვერ გადავირჩენთ. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია მოეწყოს ავსტრიაშიც, ფინეთშიც, ლონდინშიც და ამერიკაშიც, მაგრამ საქართველოს თან ვერ წაიღებ და თუ სამშობლო აღარ დაგრჩა, თუ სამშობლო არ განვითარდა, პირად წარმატებასა და კარიერას მნიშვნელობა ეკარგება. ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა და, დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილებაცაა უკვე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სტუდენტებთან საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ქუჩაში გასვლა ორმხრივი შეცდომების ბრალი იყო. მისი თქმით, აუცილებელია ორმხრივი დიალოგის რეჟიმით მუშაობა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლებამ ისე ოპოზიციამ უნდა აიღოს.

"საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ფუნქციაა ოპოზიცია მააქსიმალურად ჩართოს ქვეყნის მართვის პროცესში, მაქსიმალურად შეეცადოს, რომ მეტი უფლებები მისცეს მას, რაც შემდეგ პარლამენტში აუცილებლად უნდა გავაკეთოთ კიდეც. აუცილებლად უნდა მივცეთ მათ გარკვეული სახელისუფლებო ბერკეტები და ბევრად მეტი ხელმძღვანელი თანამდებობები, პარლამენტისა და მთავრობის შიგნით, რათა ქვეყნის წარმატება ამ ხალხს ისევე უხაროდეს, როგორც მთავრობას, უმრავლესობასა და საზოგადოებას, ხოლო ქვეყნის წარუმატებლობას ისევე განიცდიდნენ, როგორც პირად მარცხსა და წარუმატებლობას. პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში დღეს ეს განცდა არ არის. ოპოზიციის გარდა, ვფიქრობ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაცაა და გარკვეულწილად სისუსტეც. ჩვენი ამოცანაა, მივცეთ მათ მეტი უფლებები, ამასთან ერთად კი, მეტი პასუხისმგებლობის განცდა, რათა გაიზიარონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტები, რადგან დღეს საქართველო ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)