Google+

რელიზები

06.03.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივა მოიწონა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრს დიმიტრი ლორთქიფანიძეს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მოიწონა მისი ინიციატივა საჯარო მოსამსახურეთა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ და აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურეთა ნარკოლოგიური შემოწმება თმის ღერის მეშვეობით ყველაზე თანამედროვე მეთოდია. შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილიც ესწრებოდა.

"სწორი ინიციატივაა, რომ ყველა საჯარო მოსამსახურე, დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებიდან, ნარკოტიკებზე შევამოწმოთ თანამდროვე ტექნოლოგიით, რომელიც უმტკივნეულოა, არ არის დამამცირებელი და თანაც უშეცდომოა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თმის ღერის გამოკვლევით შესაძლებელია დადგინდეს არის თუ არა პირი ნარკოტიკების მომხმარებელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ნარკოტიკი რამდენიმე თვის განმავლობაში არ მიუღია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საჯარო სამსახური ნარკოტიკებისგან საბოლოოდ უნდა გაიწმინოს. მისივე თქმით, აღნიშნულ ტესტს პირველი თავად ჩაიტარებს და ამისკენ პარლამენტის წევრებსაც მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი მსგავსი მეთოდით შემოწმების სურვილი ბიზნესის წარმომადგელებსაც გაუჩნდებათ, ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ნარკოტიკების გასაღებითვის 6 ათასზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული, რაც ძალზე დიდი მაჩვენებელია. მან აღნიშნა, რომ ნარკომანიასთან დრაკონული და რეპრესიული მეთოდებით ბრძოლა გამოსავალი ვერ იქნება, ამიტომ ნარკომანია სოციალურად უნდა იყოს მიუღებელი.

მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს დაავალა თმის ღერის საშუალებით ნარკოლოგიური შემოწმების ტექნოლოგიის დანერგვის მიმართულებით მუშაობა დაიწყოს და საამისოდ, ყველა საჭირო რესურსი გამოიყენოს.

"ყველა მსგავსი ინიციატივა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან წამოვა, მთავრობამ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებით უნდა მოისმინოს და თუ ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს, უნდა გაიზიაროს კიდეც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)