Google+

რელიზები

09.03.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში თურქულ-ქართული ლიცეუმი გახსნა

ბატონო სახელმწიფო მინისტრო მე მინდა მოგესლამოთ თქვენ - თურქეთის დელეგაციას, ართვინის გუბერნატორს და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს.

რაც მთავარია, მინდა მოგესალმოთ დამსწრე საზოგადოებას, ჩვენს საყვარელ ბავშვებს და მოგილოცოთ კიდევ ერთი ახალი, განსაკუთრებული სკოლის გახსნა საქართველოში.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი დაპირება, ყველა ჩვენი მთავარი აზრი და მიმართულება არის მიმართული იმ ბავშვებისკენ, რომლებიც ამ ძალიან ლამაზი სასწავლო დაწესებულების ეზოში მშობლებთან ერთად არიან მოსული.

ამას წინათ, მე და დიმიტრი შაშკინმა გავხსენით ძალიან კარგი ახალი სკოლა ბორჯომში. ასევე ვიყავით პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და დავიწყეთ ახალი სკოლის დაგეგმვა. სწორედ გუშინ დავამტკიცე პროექტი, როგორც დავპირდი ბავშვებს და მასწავლებლებს.

მლეთაში იყო დიდი და ძველი, პრაქტიკულად, დაშლილი სკოლა და მოვილაპარაკეთ, რომ იქაც ავაშენებთ ახალ პატარა სკოლას. თუმცა ეს ზღვაში წვეთია.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სკოლების 90 პროცენტს რეაბილიტაციის თუნდათ ერთი ეტაპი გავლილი აქვთ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის, პრაქტიკულად, ყველა სკოლას აქვს გათბობის საშუალება.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ცენტრალური გათბობა არც ერთ სკოლაში არ იყო.

საქართველოს ყველა სკოლაში არის შეტანილი ინვენტარის თუნდაც ნაწილი. არადა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი ისევ 70-იანი წლების ინვენტარი ჰქონდათ სკოლებში.

დღეს საქართველოს ყველა სკოლაში იქმნება სპორტული შესაძლებლობები, ჩვენ ავაშენეთ ათასობით სტადიონი, თუმცა ბევრგან კიდევ არის ასაშენებელი. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, უახლოეს პერიოდში ყველაგან ისეთივე სპორტდარბაზი ავაშენოთ, როგორიც აქ ამ სკოლაშია.

თბილისშიც ყველა სკოლას ექნება დახურული დარბაზი და სტადიონი.

რამდენიმე ათეულ სკოლაში კეთდება და რაებილიტაცია უტარდება საცურაო აუზებს. ჩვენ ვხდებით თანამედროვე სკოლების მქონე და თანამედროვე განათლების ინფრასტრუქტურის ქვეყანა.

ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მასწავლებელმაც და ბავშვმაც თავი იგრძნოს კარგად. სკოლაში, რომლის ფანჯრებიდან საკვამურებია გამოყოფილი და რომლებშიც ბავშვები ფულს აგროვებენ შეშისთვის, კარგი განათლების მიღება და სწავლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ამის გამო ჩვენ უკვე მთელი თაობა დავკარგეთ - პროფესიული თვისებები და სისტემები ჩამოიშალა.

დღეს ახალი ამბავიც გავიგე. იცით, რომ ბათუმში "შერატონი" იხსნება და იქ რამდენიმე ასეული ადამიანი აყავთ სამუშაოდ.

გამიხარდა, რომ სამსახურში აყვანილი პირველი 50 ადამიანი სწორედ ქობულეთის იმ პროფესიული სასწავლებლიდან არის, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ჩემი ინიციატივით გაიხსნა.

აქ ბათუმში შენდება შავიზღვისპირეთის ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსი "კემპინსკი". ეს არის კომპლექსი რომელიც რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს. მათგან შეკვეთაც გვაქვს, რომ მათთვის კადრები ქობულეთის პრფესიულმა სასწავლებელმა მოამზადოს. ასევე შეკვეთა გვაქვს სასტუმრო "რედისონიდან", რომლის მშენებლობა წლის დამლევს სრულდება; შეკვეთა გვაქვს სასტუმრო "ჰილტონიდან", რომელიც მომავალ წელს დაიწყებს ფუნქციონირებას.

არსად არ მინახავს ბათუმის მსგავსი პატარა ქალაქი, რომელშიც ამდენი ბრენდი და მსგავსი სიდიდის კომპლექსებია თავმოყრილი.

რა თქმა უნდა, საქართველოში ყველაფერი განსაკუთრებული უნდა შევქმნათ.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოს განათლების სიტემის ინტეგრირება მსოფლიოს სისტემაში. ამიტომ ის, რასაც ჩვენი თურქი მეგობრები აქ აკეთებენ, ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ მაშინ, როცა აქ არავინ არ შემოდიოდა, მაგრამ საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლები და რამდენიმე საუკეთესო სკოლა შექმნეს მათ. ეს სკოლები ზრდიან ადამაინებს რომლებიც იქნებიან არა მხოლოდ მყარი დასაყრდენი ჩვენი და თურქეთის მეგობრობის. ეს არის დიდი მეგობრობა,ეს არის უვიზო მიმოსვლა,ინვესტიციები, გამჭვირვალე საზღვრები, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, პერსპექტივა და ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფანჯარა ევროპაში.

ეს არის სკოლები, რომლებიც, უპირველესად, ზრდის საქართველოს პატრიოტებს - აქ ასწავლიან საქართველოს სიყვარულს. თურქეთმა კარგად იცის საკუთარი ქვეყნის სიყვარული, იცის რა არის პატრიოტიზმი და საკუთარი მეზობლების აფასებს ამ გრძნობას.

ეს ერთ-ერთი განხრაა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ.

საქართველოში არის ფრანგული სკოლები, ახლა იქმნება გერმანული სკოლა, არის ამერიკული სკოლა. არის სკოლები, რომლებიც იძლევა განათლებას, რომლითაც პირდაპირ იღებენ უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

თუმცა მე არ მინდა, რომ განათლება იყოს მარტო ელიტის რაღაც ნაწილის პრივილეგია. ამიტომ ჩვენ დავისახეთ ამოცანა, რომ 2011 წლიდან ყველა ქართული სკოლის საშუალო განათლების ატესტატი აღიარებული იყოს ყველა ევროპული უმაღლესი სასწავლებლის მიერ. ჩვენ იუნესკო-ს ბიუროს ვიცეპრეზიდენტი ვართ, ეს განსაკუთრებული პრივილეგია ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს განათლება თანდათან უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს. ბოლონიის პროცესის მიხედვით ჩვენ ბოლომდე მოვახდენთ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების ინტეგრირებას.

მთავარია, ყველა სკოლაში, მლეთის სკოლაშიც, ბათუმის ამ სკოლაშიც და ყველა სკოლაში ჭარაში, იყოს ახალი ინვენტარი. აჭარის სკოლების 80 პროცენტი უკვე რეაბილიტირებულია და ეს აბსოლუტური რეკორდია არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. ამ სკოლებში სრულად გამოიცვალა მერხები, აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტის ტექნიკით, სრულად არის ინტერნეტიზირებული და კომპიუტერიზირებული. აი რას ნიშნავს გულიანად გაკეთებული საქმე. ეს უნდა გავრცელდეს მთელ საქართველოზე.

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ბავშვების ნიჭის კონვერტირება, იმ განათლებით რომლებსაც მათ მივცემთ, მოხდეს მათ საერთაშორისო მსოფლიო დონის წარმატებაში.

ეს არ არის ფანტაზიები.

მომავალი წლიდან საქართველოს პრაქტიკულად ყველა რაიონულ ცენტრში და ყველა დიდ სოფელში ჩამოგვყავს 1000-მდე ინგლისური ენის მასწავლებელი.

ეს ახალგაზრდები არა მხოლოდ უცხო ენას ასწავლიან საქართველოში, არამედ გახდებიან ჩვენი ელჩები იმ ქვეყნებში საიდანაც ისინი ჩამოვლენ.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ უცხო ენები, უნდა ვიცოდეთ თურქული, ინგლისური, არაბული, სპარსული, გერმანული, ფრანგული ენები, უნდა შევინარჩუნოთ რუსული.

ეს აუცილებელი იმისატვის, რომ ჩამოვყალიბდეთ პროფესიონალებად ყველა სფეროში.

ჩვენზე პატარა ქვეყანამ ესტონეთმა შექმნა ბოლო წლებში ყველაზე წარმატებული პროგრამა - სკაიპი. ამ ქვეყნის განათლებაში ჩაიდო ბევრი ფული, ისინი თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან და სწორედ ამის წყალობით მიაღწიეს მათ წარმატებას. მათ წარმატებულ რეფორმებს ჩვენც მივბაძეთ და ამ მხრივ გავასწარით კიდეც ესტონეთს.

მთავარი რამ სწორედ თავისუფლების პირობებში იქმნება. ჩვენი სისტემის მისადაგება დასავლეთის სისტემასთან სამსაფეხურიანი პროცესია: განათლების ხარისხის ზრდა; განათლებისა და კვლევების ინტეგრაცია საერთაშორისო დონეზე, სტუდენტებისა და პროფესორების მობილურობა; აკრედიტაციის სისტემის სწორი განვითარება და სასწავლო პროგრამების შინაარსის გადახალისება.

ჩვენ პროფესორს თავისუფლად უნდა შეეძლოს ყველგან სწავლება, ხოლო ჩვენ სტუდენტს თავისუფლად უნდა შეეძლოს ყველგან სწავლა.

ჩვენ გვყავს კარგი განათლების მინისტრები, ძალიან ბევრი რამ გააკეთა კახა ლომაიამ. პირველად მან დაამკვიდრა განათლების სისტემაში სამართლიანობა. ყველამ იცის, რომ დღეს საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისას ხალხი არ იჩაგრება. ყველამ იცის, რომ კურსიდან კურსზე გადასვლის დროს სტუდენტი არ იჩაგრება. ეს დიდი გარღვევაა.

დღეს რასაც აკეთებს დიმიტრი შაშკინი ეს არის ამ სისტემის აღება და მისი მოდერნიზაცია. მთავარია, რომ დამკვიდრებულმა სამართლიანობამ მოგვცეს განათლებისა და მომავლის მაღალი ხარისხი. ეს გვჭირდება საქართველოს გადარჩენისა და მისი გაძლიერებისთვის.

როდესაც მე ვლაპარაკობ მთელ საქართველოზე ყოველთვის ვგულისხმობ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს.

მთელ საქართველოში ეს აღმშენებლობა არ მიმდინარეობს და განვითარება არ ხდება, მთელი საქართველოს მაშტაბით არ უმჯობესდება პედაგოგთა პირობები, რადგან საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია.

მინდა იმ ხალხსაც მივმართო, ვინც შეშფოთებულია გარკვეული აქტიურობით საქართველოს გარშემო.

საქართველოში ყოველთვის იყო ხალხი ვისაც არ უყვარდა თავის ქვეყანა.

არის ხალხის გარკვეული რაოდენობა, ვისაც აქვს ჯანსაღი კრიტიკული დამოკიდებულება ჩვენი რელობისადმი და ჩვენი მთავრობისადმი, რაც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, ჯერ გადაეზარდათ საკუთარი მთავრობის სიძულვილში, რაც უკვე არანორმალურია, ხოლო საკუთარი მთავრობის სიძულვილი გადაეზარდა საკუთარი ქვეყნის და ხალხის სიძულვილში. ეს უკვე აბოსლუტურად საზიზღარი გადახრაა.

მაგრამ ჩვენ ბევრად უკეთესი პერსპექტივა გვაქვს ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მე მახსოვს ნოე ჟორდანია, საქართველოს მთავრობის პირველი მეთაური 1918-21 წლებში. წერილი, რომელზეც მინდა გესაუბროთ ოკუპაციის მუზეუმშია შემონახული. იგი მიმართავდა ერთა ლიგას და რუსეთს და ამბობდა: ჩვენ ვთხოვთ და მივმართავთ რუსეთს. ისინი გვეუბნებიან დაბრუნდით ჩვენთან, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ არ გვინდა მათთან დაბრუნება - ჩვენ ვთავაზობთ მათ ერთად წავიდეთ ევროპაში.

რა თქმა უნდა, იმავე დროს იყვნენ ამხანაგი ფილიპე მახარაძე და ამხანაგი სერგო ორჯონიკიძე, რომლებიც ამბობდნენ: არ გვინდა რუსეთთან ერთად წასვლა ევროპაში, რუსეთი მომავლის მქონე სახელმწიფოა და მოდი ყველა ერთად დავბრუნდეთ რუსეთშიო.

მე მინდა გითხრათ, რომ ორივე მხარე ცდებოდა.

რა თქმა უნდა, ნოე ჟორდანიას სურდა საქართველოს დამოუკდიებლობა. რა თქმა უნდა, მე არც შევადარებ მას იმ მოღალატეებს, რომლებიც სიძულვილით დაბრმავებულები უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვნენ ჩვენს ქვეყანაში.

თუმცა ნოე ჟორდანიასაც და ამ მოღალატე ჯგუფებსაც ერთი რამ აერთიანებდათ - ვერც ერთს ვერ წარმოედგინათ საქართველო რუსეთის გარეშე.

ჩვენმა მთავრობამ გააკეთა არჩევანი - ჩვენ ვიქნებით ევროპაში, ჩვენ ვიქნებით თავისუფლები, როგორც ქართველები, როგორც თავისუფალი ქვეყნის მრავალეთნიკური ერი, ოღონდ რუსეთის გარეშე.

ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესონი და არავის მეორეხარისხოვანი დანამატი არ ვიქნებით არც ერთ შემთხვევაში - არც ევროპისკენ მოძრაობაში და, მით უმეტეს, არც იმ იმპერიაში დაბრუნებაში, სადაც უკან გვექაჩებიან.

ძალიან ვამაყობ იმით, რომ მეტროპოლიტენ ოპერის სეზონი შარშან გახსნა ქართველმა მომღერალმა. ლასკალაში სეზონი გახსნა ქართველმა მომღერალმა რაჭველიშვილმა. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.

თქვენ ნახეთ როგორი კონცერტი იყო ბათუმში ახალ წელს. ბევრ ქვეყანას არ შეუძლია ამის ორგანიზება. მე ამით ძალიან ვამაყობ. ყველგან ჩანს ჩვენი ქართველობა და არ გვჭირდება სხვისი კულტურის გადმონერგვა იმისათვის, რომ საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ. ჩვენ გვაქვს იმდენად დიდი კულტურა და განათლება რომ სხვისი არაფეი არ გვჭირდება.

მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ საქართველოს დროშა ფრიალებს სხვადასხვა საერთაშორისო არენაზე. ძალიან ვამაყობ იმით, რომ სპორტის ყველა სახეობაში ჩვენ უკვე გვყავს სპორსტმენები.

ეს არის განსხვავება იმისგან, რაც ჩვენ გვქონდა და იმისა, რაც უნდა გვქონდეს. ამასწინათ ტელევიზორში გამოვიდა იმპერიის წარმომადგენელი, დიპლომატი საქართველოში და დაგვარიგა ჭკუა. ეს კაცი მე კარგად მახსოვს,მაშინ დეპუტატი ვიყავი და ფხიზელი საქართველოში ის არავის არ უნახავს. სწორედ ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ქართველები მხოლოდ სამი მილიონი ვართ, აქედან მილიონნახევარი ქართველი ისედაც გაქცეულია რსუეთში. ამიტომ უნდა შევეგუოთ ბედს, რადგან რუსეთის გარეშე ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია.

საქართველოში ცხოვრობს თითქმის ხუთი მილიონი ადამიანი. შესაძლებელია ბევრს არც ესიამოვნოს, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის ბოლოსთვის, იცხოვრებს 5 მილიონი. ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტი ქართველი დაბრუნდა ვიდრე წავიდა საქართველოდან; უფრო მეტი ქართველი დაიბადა, ვიდრე წავიდა ამ ცხოვრებიდან. როდესაც ვამბობ "ქართველი", ვგულისხმობ ჩვენს მრავაეთნიკურ საზოგადოებრიობას.

შარშან 164 ათასი ადამაინით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე წავიდა საქართველოდან. ეს არის საზღვარზე დარეგისტრირებულთა მონაცემები და ამას წყალი არ გაუვა.

სხვათაშორის დღეს რსუეთში არის 400 ათას ქართველზე ნაკლები, ესენი არიან საუკეთესო წარმომადგენლები საქართველოსი. ეს ის ადამიანები არიან, ვინც იმ ქვეყნის ელიტას წარმოადგენენ.

დააკვირდით, ამ ხალხში გარდა რამდენიმე დეგრადირებული სუბიექტისა ვერ იპოვეს საქართველოს მოღაალტე, ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ.

მათ ყველაზე კარგად იციან საქართველო და მისი თავისუფლების ფასი. მათ ყველაზე კარგად იციან განსხვავება ავტორიტარულ, არათავისუფალ სისტემასა და იმ სისტემას შორის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ საქართველოში.

როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ შორს ვართ საბოლოო მიზნისგან - ვიყოთ მთლიანი, წელში გამართული სახელმწიფო, სადაც ადამიანები იცხოვრებენ კომფორტულად, რა თქმა უნდა ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს ამისათვის გასავლელი.

ჩვენ უფრო შორს ვართ ამისკენ წასული ვიდრე ის იმპერია რომელიც ჩვენ გვედავება. ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით და ისინი მიდიან პირიქით.

საქართველოს ვერავინ ვეღარასდროს ვერ დააბრუნებს უკან.

ამ ბავშვებთან ერთად ჩვენ წავალთ თანამედროვე ევროპულ მომავალში და ყველა ერთად გავიმარჯვებთ.

მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ახალი მენტალიტეტი ამ უმაღლესი სასწავლებლების კედლებში ყალიბდება. წარმატებები მიიღწევა მხოლოდ თავისუფლების პირობებში.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ბევრ სკოლაში ჩვენ დავდგით ინდივიდუალური მერხები. უდავია, რომ ბავშვები უნდა იყვნენ ერთად, მაგრამ ცალცალკე უნდა ისწავლონ წარმატებისკენ სვლა. გვერდზე მჯდომის იმედი მათ მუდმივად უნდა ჰქონდეთ, მაგრამ დათვური სამსახური არც ერთამა არ უნდა გაუწიოს ერთმანეთს.

თავისუფლებას ბავშვებს აჩვევენ პატარაობიდან. ბავშვებს ვასწავლით თვითმმართველობას, სკოლის პრეზიდენტების არჩევას, სკოლის საკითხების გადაწყვეტას, ინტერნეტით ერთმანეთთან მიმოწერას...

"ასლანობის" ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ უნდა დააბრუნოს ეს ბავშვები ბნელ წარსულში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ ვზრდით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს. ამისთვის მათ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ.

საქართველო აღარასდროს აღარ უნდა იყოს ვინმეს მეორეხარისხოვანი დანამატი.

საქართველო მართლაც პატარა ქვეყანაა, მაგრამ დღეს საქართველოს სახელი ბევრად მეტმა იცის მსოფლიოში, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობისა.

ჩვენი სახელი ისმის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო პოლიტიკის ორომტრიალის ცენტრში ვიმყოფებით, რაც სულაც არ მახარებს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ ვქმნით იმას რაც სხვაგან არ არის.

ჩვენ შევქმნებით პოლიციის სისტემა რეგიონში, პრაქტიკულად აღარ არის კორუფცია, ვქმნით ქალაქებს რომელთა მსგავსიც კი ვერაფერი შეიქმნება რეგიონის მასშტაბით, ასევე ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ინფრასტრუქტურას ევროპაში.

ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა არის ყველაზე მაღალი დონის განათლების სისტემა ამ რეგიონში და იმედია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბითაც.

ჩვენ ვართ ამ რეგიონის შვეიცარია. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ვართ ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ფინანსური ინტერესი და ბიზნესაქტივობა იქნება კონცენტრირებული.

ამას ჩვენს მეგობრებთან ერთად შევქმნით, მაგრამ ყოველივე ეს უნდა ამუშაონ ამ ბავშვებმა.

ეს სკოლა არის პატარა ნაბიჯი განვითარებისკენ გადადგმული. ჩვენ აუცილებლად გავალთ ფინიშზე და ცუდი ძალები უკან ვეღარასოდეს ვერ მოგვეწევიან.

მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მორიგი ძალიან დიდი დღე, ვუსურვებ წარმატებას ამ ახალ სკოლას.

ყველამ ერთად ვისწავლოთ უკეთესად ცხოვრება!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)