რელიზები
13.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარეს ევროპარლამენტში ჯოზეფ დულს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარეს ევროპარლამენტში შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები იყო. მიხეილ სააკაშვილმა და ჯოზეფ დულმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, მათ შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების საკითხები განიხილეს. ამას გარდა, საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც შეეხო. როგორც სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
ჯოზეფ დულთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ არჩევნებისა და ხელისუფლების გადაბარების პროცესში დემოკრატიის თვალსაზრისით მიაღწია. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი ახალი მთავრობის ინტერესებსაც უნდა შეესაბამებოდეს, რადგან ეს მიღწევა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას დააჩქარებს. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პირველმა პირმა ყველას მოუწოდა შესაბამისად გამოიყენონ მთავრობის გადაბარების დემოკრატიული პროცესი, რადგან ეს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის დამატებითი სტიმულია და შესაბამისად აისახება ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველას ინტერესია და ახლა, როგორც არასდროს, ინტენსიური მუშაობაა საჭირო.