Google+

რელიზები

12.02.2013
საქართველოს პრეზიდენტმა მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტი ვანოს მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს წმინდა პოლიტიკური პროცესია, არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება და ყველაფერს შიდა ასპექტი აქვს.

„ამას, რა თქმა უნდა, შიდა ასპექტი აქვს. თუ ჩვენი როგორც პოლიტიკოსების, სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, ჩვენ ამის დიდი ხანია აღარ გვეშინია. რაც შეეხება ზოგად ასპექტებს, ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესები. ამდენი ხანია ყველა ამბობდა, რომ ასობით მილიონს იპარავდნენ და სააკაშვილს ყოველი ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი სახლში მიაქვსო. ალბათ, იყო საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელმაც ეს სისულელე დაიჯერა. თუ მართლა ვიპარავდით ფულს და წილში ვიყავით, ახლა რატომ არ სვამენ შეკითხვას რატომ არ გაიაფდა ბენზინი და სხვა პროდუქცია, რომლისგანაც წილი მიგვქონდა. სიცრუის მთელი ეს პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, თითქოს ჩვენ ვიყავით ქურდები... მაშინ, როდესაც საქართველო კორუფციის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი იყო და ევროკავშირის მონაცემებით, ჩვენ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა ვიყავით ევროპაში. ეს მოვახერხეთ სწორედ იმიტომ, რომ არა მხოლოდ ჩვენ არ ვიპარავდით, არა მხოლოდ მე არ ვიპარავდი და ჩემი მთავრობა, სხვასაც არ ვაპარინებდი. და თუ იპარავდა ვინმე, დავდევდით და პასუხს ვაგებინებდით. ამით ძალიან ვამაყობ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ არაფერი აქვთ დასაყვედრებელი ამ კუთხით. შეიძლება სხვა რამ არასწორად გაკეთდა, შეიძლება სწორად გაკეთდა, მაგრამ ამას შეაფასებს ხალხი. ამას შეაფასებს ისტორიაც, მაგრამ ნამდვილად არ მივიღებ რაიმე სახის ბრალდებას მთავრობის ფართომასშტაბიან კორუმპირებულობასთან დაკავშირებით. მსგავსი ფაქტები, პრაქტიკულად, ნულამდე იყო დაყვანილი მთელი ამ წლების განმავლობაში და ჩვენმა ხალხმა ეს  მშვენივრად იცოდა. ეს მხოლოდ დასტურდება იმით, რომ ყოველივე ამას აქვს მხოლოდ პოლიტიკური ასპექტი. როგორც ევროკომისარმაც აღნიშნა, ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეული თემაა. როდესაც ჩვენ ასე ვიქცევით, როცა ჩვენს ქუჩებში ასეთი რამ ხდება, ეს მარტო შიდა საკითხი კი აღარ არის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური საკითხებიც დგება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შტეფან ფულესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)