რელიზები
01.02.2013
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში არჩევნების შემდგომ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, რომელთა მშენებლობა არჩევნების პერიოდში დაიწყო და ამჟამად შეჩერებულია.
მიხეილ სააკაშვილი ბათუმის გარეუბან ბენზესაც ესტუმრა, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ბარაკებში ცხოვრობს. სწორედ ამ კატეგორიის მაცხოვრებლებისთვის ლევან ვარშალომიძის ინივიატივით ხორციელდებოდა პროგრამა „ ბათუმი ბარაკების გარეშე“, რომლის ფარგლებში დაიწყო ახალი სოციალური სახლების მშენებლობა. ეს სახლები უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა მათ. აღნიშნული პროექტი არჩევნების შემდეგ შეჩერებულია და მაცხოვრებლებმა პირადად პრეზიდენტს სთხოვეს დახმარება კუთვნილი საცხოვრებელი ბინების მისაღებად. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ პირადად იქნება ამ პროცესებში ჩართული.
„ეს ხალხი სულ ცოტა 1 წელია უყურებს როგორ შენდება მათი ბინები. ახლა იციან, რომ მათ ნაცვლად ამ ბინებს სხვები მიიღებენ. ეს წარმოუდგენელია. მე პირადად, როგორც კი დაიწყება შესახლება ჩამოვალ და ამ ხალხთან ერთად შევალ ამ ბინებში.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმის ცენტრალურ უბნებში მშენებარე ობიექტები დაათვალიერა, რომლებიც დროებით შეჩერებულია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ შემდგომი დაფინანსებები და ინვესტიციები არ გაგრძელდება ათი ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება.
„ეს იყო და არის პროექტები, რომლებიც ამ ხალხს ასაქმებს. ამ პროექტში უკვე გადახდილია ფული და როგორც კი ეს პროექტი შეჩერდება რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩება პრაქტიკულად ყოველდღიური ლუკმა-პურის გარეშე, იმის გამო, რომ ახალი მთავრობა ჩემსა და ლევან ვარშალომიძის ჯინაზე ბათუმს სჯის...აი ამ ხალხს ხვალ და ზეგ სამუშაო აღარ დარჩება... ჩემს ჯინაზე კი არ უნდა შეჩერდეს რაღაცა, პირიქით უნდა გაგრძელდეს და მეტი უნდა გააკეთონ , მაშინ მე ძალიან ბედნიერი ვიქნები“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც ესტუმრა, სადაც ხელოვნების ჯგუფების აუდიტორია მოინახულა, რომელიც არჩევნების შემდეგ გაუქმებული და დაზიანებული დახვდა. ამის შემდეგ ქვეყნის პირველი პირი ბათუმის საზაფხულო თეატრსაც ეწვია.
დღის დასასრულს კი პრეზიდენტი ბათუმში ახლადგახსნილ Mcdonald’s-აც ესტუმრა.