Google+

რელიზები

30.01.2013
მიხეილ სააკაშვილი: „ქუთაისის პარლამენტი საქართველოს პოლიტიკური განვითარებისა და დიდი ეკონომიკური ნახტომის დასაწყისია“

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების აუცილებლობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ამნისტიის ფარგლებში  ე.წ. კანონიერი ქურდების გათავისუფლების ფაქტზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, შექმნილი ვითარება საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას არღვევს. „ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათ გათავისუფლებაზე საქართველოს მთავრობის წევრების რეაქცია. გამოვიდნენ და თქვეს - დიდი ამბავი, ამნისტიამ გამოუშვა, ჩვენ რა შუაში ვართო. თითქოს უკან ვახვევთ ისტორიას და მივდივართ 90-იან წლებში, როდესაც ჩვენი ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანი უპასუხისმგებლობა იყო. ნამდვილად არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - „კანონიერი ქურდები" ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას არღვევენ, ეს ხალხი ისევ ჩვენ ეზოებში შემოვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მიმდინარე პროცესები 90-იანი წლების მოვლენებს შეადარა.

შეხვედრაზე განხილვის ერთერთი მთავარი თემა პარლამენტის ქუთაისში დატოვების აუცილებლობა იყო, რაც პრეზიდენტის შეფასებით ქვეყნის განვითარებისთვის  მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებას არ წაართვან პარლამენტი, რათა ჩვენ ყველას არ წაგვართვან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა - საქართველოს რეგიონალიზმის, საქართველოს გაძლიერების, საქართველოს მყარად  დაყენების იდეა,  რომელსაც ქუთაისის პარლამენტი განასახიერებს, პარლამენტის ქუთაისში არსებობა არის ბევრად უფრო დიდი იდეა, ვიდრე უბრალოდ ქუთაისის პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პოლიტიკა ეკუთვნის ხალხს და არა  ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ერთი და იგივე ადამიანებს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით,  ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანა ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას გამოიწვევს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება. მანვე კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების  გატარების მცდელობის ტენდენცია გაჩნდა, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის გამართული შეხვედრა, მიხეილ სააკაშვილის მიმართვის შემდეგ კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)