Google+

რელიზები

22.06.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ყურადღება რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე გაამახვილა. კერძოდ, მან ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის გამარტივების შესახებ კანონის თაობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებით, საქართველოში, ფაქტობრივად, ანტიბიუროკრატიული რევოლუცია მოხდა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში 15 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა იმდენი, რამდენიც - ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. როგორც მან განაცხადა, წლის დამლევამდე თბილისში გზების 70 პროცენტი შეკეთდება, მოწესრიგდება გარე განათება და გადაიჭრება ტრანსპორტის პრობლემა.

მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (ამ შემთხვევაში საკითხი თბილისს ეხება) ახალ სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამართულ დისკუსიასაც შეეხო და განაცხადა, რომ მიხეილ მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით საკრებულოსა და მერს მოსახლეობა ერთდროულად აირჩევს, რაც ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასეთი გზით არჩეული მერი ხალხის წინაშე უფრო მეტად იქნება პასუხისმგებელი.

"ჩვენ შევქმნით ისეთ სისტემას, რომელიც საქართველოს რეალურად მისცემს ხალხის მიერ კონტროლირებად და ხალხის წინაშე მუდმივად ანგარიშვალდებულ თვითმმართველობას, ისევე როგორც, ეს ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაშია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)