Google+

რელიზები

02.04.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და მასმედიის წარმომადგენლებს ის დოკუმენტი გააცნო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობიდან შემოვიდა. დოკუმენტი მომზადებულია საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ, არის გრიფით „ფრიად სასწრაფო“  და შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე.

მანანა მანჯგალაძემ აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე პარაგრაფი წაიკითხა, რომლებიც რაბათის ციხის ცვლილებებს ითვალისწინებს:   

„საქართველოს მხარე, თურქეთის რესპუბლიკის ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს:

·         მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაცია;

·         მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება: გუმბათის ფერის შეცვლა (გუმბათის არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში,  მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება;

·         ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუასაუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას“.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, გაკვირვებას იწვევს, ერთი მხრივ, დრო, როდესაც მთავრობა შემოდის მოლაპარაკების ამგვარი ინიციატივით, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს შეთანხმების ტექსტიც, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ვიზიტამდე არ არსებობს  პროცესის დაჩქარების აუცილებლობა. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ხდება.

მანანა მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგასს და პრემიერ-მინისტრთან ერთად ამ საკითხებსაც განიხილავს.

რაც შეეხება, თავად რაბათის ციხის რაიმე ფორმით შეცვლას, პრესსპიკერის თქმით,  პრეზიდენტს დაუშვებლად მიაჩნია.

„ვფიქრობთ, ეს რეალურად ნიშნავს დღევანდელი რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული ცენტრია ამ ტერიტორიაზე და წარმოადგენს მესხეთის სიამაყეს. ეს ნიშნავს იმას, რომ წყალში ჩაიყრება იმ ათასობით სპეციალისტის შრომა, რომლებმაც წინა წლებში აღადგინეს და საქართველოს დაუბრუნეს ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ძეგლი. ნამდვილად არ მიგვაჩნია, რომ ეს იყოს თურქული მხარის მოთხოვნა ან განზრახვა. ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას გაირკვევა, სადაც დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა როგორც თურქ კოლეგასთან, ისე თურქეთის პრემიერ მინისტრთან. უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული სიმბოლოების გატანა ტერიტორიიდან და გუმბათის განადგურება, როგორც ეს დოკუმენტშია აღნიშნული, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ამას გარდა, ცალკე განცხადებები კეთდებოდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მაღალი მინარეთების მიშენების თაობაზეც, რაც, პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ძეგლი ამ სახითა და ფორმით განადგურდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ გვსურს კარგი ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან. ალბათ, გახსოვთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე თურქული ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის ინიციატორებიც ვიყავით, მაგრამ საქართველოს მთავრობის დღევანდელი შეთვაზება არის სულ სხვა რამ - ეს არის ძალიან სახიფათო და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს არ დათანხმდება. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ გააკეთოს განმარტებები. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არ არის საიდუმლო და დახურული მიმოწერის თემა. უცნაურია, რომ ამას ითხოვს მთავრობა, თანაც დაჩქარებული წესით. ამ დოკუმენტში ლაპარაკია ნგრევასა და განადგურებაზე. აქ საუბარია ქრისტიანული სიმბოლოების გატანაზე, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ, ისევე, როგორც, რა თქმა უნდა  მუსულმანურ სიმბოლოებს. ეს არ არის თურქეთ-საქართველოს პრობლემა. ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და ვისმენთ - მიწასთან გაასწორონ და დაანგრიონ ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში აშენდა და გაკეთდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)