Google+

რელიზები

19.03.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქურთაში დიმიტრი სანაკოევს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ ქურთაში ჩავიდა, სადაც დეფაქტო ხელისუფლების ლიდერთან დიმიტრი სანაკოევთან პირველი შეხვედრა გამართა. მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი სანაკოევის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი სანაკოევმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დიდი ლიახვის ხეობაში ის ობიექტები დაათვალიერა, რომლის მშენებლობასაც მიხეილ სააკაშვილი ხეობის მოსახლეობას ცოტა ხნის წინათ დაპირდა. ხეობაში ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა გარე განათების პირველი ნათურა თავად აანთო და მოსახლეობას პირობა მისცა, რომ აღნიშნული ტერიტორია რუსთაველის გამზირის, წითელი მოედნისა და ელისეის მინდვრების მსგავსად იქნება განათებული. მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი სანაკოევს ცხინვალის ცენტრში ყინულის მოედნის დამონტჟებასაც დაპირდა. ქვეყნის პირველი პირი კმაყოფილი დარჩა იმ ურთიერთობებით, რომლის დამყარება დიმიტრი სანაკოევმა ეთნიკურ ქართველებსა და ეთნიკურ ოსებს შორის მოახერხა. მიხეილ სააკაშვილი დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის ხელმძღვანელთან დიალოგისა და ურთიერთობის გაგრძელებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

"ბატონი დიმიტრის გაცნობა პირადად მინდოდა. დიდი ხანია მას თვალყურს ვადევნებ, თუმცა აქამდე არასდროს არ შევხვედრივართ. მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა მშვიდობისთვის ის, რომ მან ამდენად კარგი ურთიერთობა დაამყარა მთელ ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორც ეთნიკურ ქართველებთან, ისე ეთნიკურ ოსებთან. ვფიქრობ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ასეთ პატრიოტებს ერთი რამ აერთიანებს - ჩვენი და მათი საერთო მომავალი. ჩვენ ერთი მიმართულებით მივდივართ - ეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებაა. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, ჩვენ ვასრულებთ ხეობის მოსახლეობითვის მიცემულ დაპირებას - უკეთეს კულტურულ და საგანმანათლებლო ობიექტებს, უკეთეს ჯანდაცვას და გაუმჯობოსებულ ინფრასტრუქტურას. ერთი სიტყვით, რაც უფრო შეგვიწყობს ხელს ამინდი, მით სწრაფი ტემპითა და დიდი მონდომებით გაკეთდება ყველაფერი. მე მართლაც მინდა გითხრათ, რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის პატრიოტებითვის საერთო ენის გამონახვა ძალზე ადვილია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)