Google+

რელიზები

24.10.2007
საქართველოს მთავრობის სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა გახსნა და ყურადღება, ძირითადად, საპრეზიდენტო სუბსიდიების პროგრამის ამოქმედების თაობაზე გაამახვილა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რომელიმე ერთ კომპანიას პროდუქციის შემოტანის ექსკლუზიური უფლება არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული კონკურენციის სააგენტოს მუშაობა დაიწუნა და უწყების გაუქმების ბრძანებაც გასცა.

"თბილისსა და დანარჩენ საქართველოში გაცილებით მეტი პენსიონერია გაფორმებული, ვიდრე რეალურად არის.

საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობა დაიჭირეს. მთავრობაში სოფრომაძეზე ზოგიერთს კარგი წარმოდგენა ჰქონდა, თუმცა ამ უწყების ზოგიერთი თანამშრომელი ქურდბაცაცა იყო და მათ სამართლიანად აგებინებენ პასუხს. სამწუხაროდ, ჩემი დავალების მიუხედავად, თქვენმა წინამორბედმა [ლადო ჭიპაშვილმა] ეს პრობლემა ვერ აღმოფხვრა. ეს ადმინისტრაციული სამუშაოა და არ შეიძლება ამით პროკურატურა და პოლიცია იყოს დაკავებული. კატეგორიულად მოვითხოვ, საქართველოში პენსიონერთა ზუსტი რაოდენობა დადგინდეს. ვეჭვობ, რომ მათი რაოდენობა, გარკვევის შემდეგ, მკვეთრად შემცირდება, ხოლო დაზოგილი თანხა პენსიების ზრდაზე უნდა გადავანაწილოთ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

მადლობელი ვარ, რომ თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების პედაგოგების ხარჯები იკისრა. გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას, მხარი დავუჭირე მის ინიციატივას, რომ რეგიონებშიც გარკვეულ კატეგორიების ხელახალი დაჯგუფება მოხდეს. თანხა უნდა გამოვნახოთ, რათა არავინ არ გამოგვრჩეს.

რაც შეეხება ფქვილის დარიგების პროცესს - უნდა ვიმოქმედოთ გამოზომილად, რათა ფქვილის მკვეთრად შესყიდვამ ზეგავლენა არ მოახდინოს ჩვენში ისედაც პრობლემურ ფქვილის ბაზარსა და მსოფლიო ბაზარზე გაძვირებულ ხორბლის ფასსზე. ამიტომ, აზარბაიჯანიდან ფქვილის დამატებით შეძენასთან დაკავშირებით, თავად ილხამ ალიევს ვესაუბრე.

შეიქმნა პრობლემები ფასებთან დაკავშირებითაც. ამის თაობაზე მინდა აღვნიშნო და ეს პრემიერ-მინისტრმაც თქვა, ფასების ბუნებრივი ზრდა ხორბალზე, საწვავსა და რძის პროდუქტებზე დამატებითი ფაქტორებითაა განპირობებული. მართლაც, საკმაოდ ბევრ ბაზარზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ დამატებითი ფაქტორი ისაა, რომ მთელი რიგი სფეროები იმპორტირებული პროდუქციით არის მონოპოლიზირებული. ამის კლასიკური მაგალითია მარილის ბაზარი. ვეჭვობდი, რომ ძალიან "კარგი" კომბინაციის წყალობით საქმე თაღლითობასთან გვქონდა. პარლამენტში გავიდა კანონი იოდიზიერბულ მარილთან დაკავშირებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. თუმცა უკრაინიდან იოდიზირებული მარილის შემოტანა რატომღაც მხოლოდ ერთმა კომპანიამ დაიწყო, ხოლო ყველა დანარჩენ ქართულ კომპანიას, რომელიც უკრაინაში ამ საქმისთვის ჩადიოდა, უარით ისტუმრებდნენ.

იგივე ხდება შაქართან დაკავშირებით. საქართველოს აქვს აგარის შაქრის ქარხანა და ვაწრმოებთ ჩვენს შაქარს, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით; დიდი რაოდენობით კი საწარმო კონტრაბანდულ და ნახევრადკონტრაბანდულ შაქარს აფორმებს. ამ პროდუქტის შემომტანი მხოლოდ ისაა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენს ხელოვნურად, საბაზრო და არასაბაზრო მექანიზმების გამოყენებით აგდებს ბაზრიდან.

კორუფციულ სკანდალში გაეხვა ჰიგიენური საგნების შემომტანი ფირმაც. აღმოჩნდა, რომ საქართველში მხოლოდ ერთ კომპანიას შემოჰქონდა მთელი რიგი პროდუქცია - კბილის პასტიდან დაწყებული, საბავშვო საფენებით დამთავრებული. ჩვენი თავდაცვის სამინისტრო (ეს კეზერაშვილს არ ეხება) ლამის ტანკებით გადაეღობა, რათა ბაზარზე სხვა ფირმის პროდუქცია არ შემოეშვა.

ამიტომ, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა მონოპოლიური მაფიების მოშლა, ისე როგორც, მოვშალეთ ხორცის მაფია. რამდენჯერმე პირადად შევკრიბე ხორცის იმპორტიორები. ამ შემთხვევაში ვეტერინარული დეპარტამენტის მაფია მოქმედებდა - რამიშვილი იყო აბსოლუტური თაღლითი, რომელიც სხვადასხვა იმპორტიორებს შეეკრა, რის შედეგადაც ხორცი მხოლოდ ერთი და იგივე მიმართულებიდან შემოდიოდა. ამ სისტემის მოსაშლელად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. აუცილებელი გახდა სანიტარული ინსპექციის გაუქმება, რათა მსგავს ლობირებას ადგილი აღარ ჰქონოდა. ხორცის მაფიაში "გაერთიანდნენ" როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ცალკეული ელემენტები, რომლებიც საკმაოდ შეთანხმებულად "მუშაობდნენ". წინა კვირას, როგორც კი მარილის ბიზნესის მონოპოლია მოვშალეთ, ფასებმა კლება დაიწყო.

ასე უნდა ვიმუშაოთ შაქართან და სხვა პროდუქციასთან დაკავშირებითაც. კბილის პასტა ქვეყნაში ერთ ფირმას შემოაქვს და, შესაძლოა, მთელი საქართველო დაუბანელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ეს ფირმა არაკეთილსინდისიერ მუშაობასა და სხვადასხვა სახის მაქინაციებშია შემჩნეული. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ როდესმე მსგავსი განმეორდეს და ქართული ეკონომიკის რომლიმე სფეროში ვინმეს ასეთი პრივილეგია და ექსუკლუზივი ჰქონდეს.

იცით ჩვენი უპირატესობა რა არის?

პირველი უპირატესობაა ის, რომ მთავრობა ფულს არ აკეთებს; მეორე კი ისაა, რომ მაქინაციების მოწყობის საშუალებას არავის არ ვაძლევთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. იმის მიუხედავად ეს ვინმეს ეწყინება თუ არა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

რასაკვირველია მესმის, რომ ფასების ზრდის პროცესი რუსეთში, უკარაინაში და სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ გარკვეული სფეროების მთლინად ხელში ჩაგდებისა და გაკონტროლების მცდელობებიც არის. რამდენიმე სფეროში ხალხს ამის სურვილი უკვე დავუკარგეთ. ასე უნდა შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია. იქ, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა, კონკურცენცია ფასების მიხედვითაც შეიმჩნევა. უკვე შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ მომხმარებელს უკეთესი ხარისხი და საფასური შესთავაზონ. ამიტომ, გთხოვთ, რომ ყველა საკითხი რეგულარულად განიხილოთ, რათა ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული, არჩევანი - დიდი, ხოლო მომხმარებელი - დაკმაყოფილებული და ბედნიერი. ეს ჩვენი მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული.

კონკურენციის სააგენტოს არსებობა ამ ქვეყანაში შეუმჩნეველია. ეკონომიკის სამინისტროს ადგილზე, მე ამ სტრუქტურას გავაუქმებდი. ვფიქრობ, ეს სააგენტო არაფერს არ აკეთებს. საქართველოში კონკურენციის სააგენტოს მოვალეობას ქვეყნის პრეზიდენტი ასრულებს, რადგან ხორცთან და მარილთან დაკავშირებულ პრობლემებზე თათბირი პირადად მოვიწვიე, ამ სააგენტომ კი, მთავრობას ერთი წერილიც არ მოსწერა. კარგია, რომ მაცნობეთ ამ სააგენტოს არსებობის შესახებ, მაგრამ ამიერიდან ის აღარ იარსებებს. ამით მთელი მთავრობა უნდა დაკავდეს. იოდიზირებულ მარილთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე, მსურს პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარეს "მოკითხვა შევუთვალო" და ელემენტარულად ავუხსნა - კარგია, როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტებს წარადგენენ, მაგრამ ნაჩქარევად მიღებული კანონპროექტების შედეგები კარგად უნდა იყოს გათვლილი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ ვხვდები, რას და როგორ ლობირებენ, როგორ ხდება სხვადასხვა მექანიზმების აწყობა, ძალიან მწარედ ცდება. პასუხი ყველას მოეთხოვება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)