Google+

რელიზები

12.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ფოთში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის კურთხევას დაესწრო

 

საქართველოს პრეზიდენტი ფოთში დღეს ახლადგახსნილი ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის კურთხევას დაესწრო. ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა. პრეზიდენტს ამბიონთან თავად კათოლიკოს-პატრიარქი მიეგება.

მიხეილ სააკაშვილი კვირაცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვასაც დაესწრო, რომელიც ფოთის ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში შეკრებილ მრევლს სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ ფოთის საკათედრო ტაძარი საქართველოს განახლების სიმბოლოა. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მეუფე გრიგოლს ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის.

საზეიმო წირვის შემდეგ, თავის მხრივ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს  იმ წვლილისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ტაძრის მშენებლობაში მიუძღვის.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ ჩვენს პრეზიდენტს აქვს უდიდესი ღვაწლი ჩადებული ამ ტაძრის აღდგენაში, ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი ამ ღვაწლისათვის“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რეაბილიტაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საგანმანათლებლო მოღავწეობისთვის, ქვეყნის პირველმა პირმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ტაძრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ ქალაქში მიმდინარე მშენებლობების გაგრძელების აუცილებლობასაც შეეხო.

„ვიდრე ამ ტაძრის მშენებლობაზე დაიწყებოდა ლაპარაკი, მეუფე გრიგოლმა პირადად ააგროვა ფული და პატარა, მაგრამ ულამაზესი  ეკლესია ააშენა ნაბადაზე. აი, ასეთი გმირებისაგან შედგება ჩვენი სულიერება. რაც შეეხება ამ ტაძარს, მიხარია, რომ ის გაიხსნა. მართალია ტაძრის მშენებლობა დავასრულეთ და პრეზიდენტის ფონდში არსებული თანხის უმეტესი ნაწილი მის მშენებლობას მოვახმარეთ, მაგრამ ეს  სიხარული ტკივილნარევია. ფოთში ახლა ბევრი რამ არის გაჩერებული  -  იუსტიციის სახლი ფაქტობრივად დაკონსერვებულია, თეატრის მშენებლობა ძალიან ნელა მიმდინარეობს... რაც მთავარია, ფოთის კომპლექსის ნაწილი იყო ლაზიკას დიდი პორტი. ეს იქნებოდა ფოთის გაგრძელება და თავისთავად შეავსებდა ერთმანეთს, რაც უზრუნველყოფდა ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს პროექტიც დაკონსერვებული და გაჩერებულია, რაც ძალიან სამწუხაროა...“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტაძრის აღდეგნაში შეტანილი წვლილისთვის მიხეილ სააკაშვილს მადლობა მეუფე გრიგოლმაც გადაუხადა და მადლიერების ნიშნად საჩუქრად მას ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატი გადასცა..

„მინდა თქვენი განსაკუთრებული ღვაწლი გამოვყო, საქართველოს პრეზიდენტო, რამეთუ დიდია ნება ღვთისა ამ ტაძრის აღდგენაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის კეთილი ნება, რომელიც გულს გაუხსნის ღვთის ნებას და აღასრულებს მას“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ქვეყნის პირველი პირი ტაძარში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან თენგიზ გუნავასთან ერთად მივიდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)