Google+

რელიზები

06.11.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს  XI საუკუნის ხელნაწერი ბიბლია უსახსოვრა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სასახლის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, XI საუკუნის ხელნაწერი ბიბლია უსახსოვრა, მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ყდით, რომელიც დღემდე  სასახლის ცენტრალურ ჰოლს ამშვენებდა. ქვეყნის პირველმა პირმა ბიბლია ხელნაწერთა ცენტრის დირექტორს ბუბა კუდავას გადასცა.

„მინდა, ბატონ ბუბას, ჩვენს ძალიან პატივსაცემ და ღვაწლმოსილ მეცნიერს, გადავცე უძველესი ბიბლია, რომელიც 2004 წელს ამერიკაში პირველი ვიზიტის დროს, ქართული სამეფო ოჯახის ამერიკაში მყოფმა წარმომადგენელმა მისახსოვრა. მან  მითხრა: ეს არის ბაგრატიონების საგვარეულო ბიბლია, რომელიც ყოველთვის თან ჰქონდათ ქართველ მეფეებს; ის ქართულ სახელმწიფოს კუთვნის და წაიღეო. ვიდრე ეს სასახლე აშენდებოდა, ბიბლია სეიფში მქონდა შენახული, ხოლო მას შემდეგ, რაც აშენდა, მუდმივად აქ არის გამოფენილი. ვფიქრობ, ეს არის ქართული კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ეგზემპლარი და, ამავდროულად, ძალიან ძვირფასი მატერიალურადაც, თუმცა  არ მგონია, რომ მისი ფასეულობა მხოლოდ მატერიალური ღირებულებით იზომებოდეს. რა თქმა უნდა, ეს ეკუთვნის ქართულ სახელმწიფოს და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ძალიან დიდი ვნებათა ღელვაა ამ სასახლის გარშემო, არ მინდა სადღაც ჩაიკარგოს. ამიტომ, მინდა ეს ბიბლია ყველაზე დაცულ ორგანიზაციას გადავცე და ეს არის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, ხელნაწერთა მუზეუმი, რომელიც კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური უნდა გახდეს. ექვთიმე თაყაიშვილს ნამდვილად არ ვედრები, თუმცა ყველა ჩვენგანის ვალია, ქართული მატერიალური, სულიერი  და კულტურის ძეგლები დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას - ის, რაც გააკეთა ექვთიმე თაყაიშვილმა, საქართველოს ერვნულმა გმირმა, რომელმაც საქართველოში, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი რამ ჩამოიტანა. თუკი მეც შევძელი ამის დაბრუნება, ესეც ბოლო წლების ჩემს ერთ-ერთ მიღწევად მიმაჩნია. ვფიქრობდი, რომ ეს არის ყველაზე ღირებული რამ და ბატონმა ბუბამაც დაადასტურა, რომ მსგავს ნივთებს შორის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია.  მიხარია, რომ ეს ასეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   

თავის მხრივ, ბუბა კუდავამ საპრეზიდენტო ბილიოთეკას „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურული ხელნაწერების ახალი გამოცემა გადასცა.  

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველ ნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ცენტრს აქვს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს.   

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)