საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს ზოგიერთი დეტალი ადმინისტრაციაში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსთან დაკავშირებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნი პირები კონკურსის წესით უნდა შერჩეულიყო 3 თვის ვადაში, ხოლო თანამდებობის პირები - არაუმეტეს 1 წლის ვადისა. ამ ვადის ათვლას კანონი ითვალისწინებდა 2013 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დაინიშნა 3 ივლისს, რომლის შემდეგაც დაიწყო შესაბამისი პროცესები, რომლებიც ემსახურებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 29 ივლისს მიიღო ცვლილება საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“. ამ ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა ვადები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული პირი უნდა დაინიშნოს 2014 წლის 1 იანვრამდე, ხოლო თანამდებობის პირის შემთხვევაში - 2014 წლის 1 ივლისამდე.
საგულისხმოა, რომ საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც კონკრეტულ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებელთათვის უფლობამოსილების ვადის ათვლა 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, სწორედ მოქმედი პარლამენტის მიღებული იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ამ კანონის თანახმად მოქმედებდა.
აქედან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსი გამოცხადდა 25 ივლისს, ანუ მანამდე, სანამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ცვლილებას მიიღებდა. ასევე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ კონკურსები ორ ეტაპად გამართულიყო. პირველი ეტაპი, როგორც უკვე ითქვა, დაიწყო 25 ივლისს, ხოლო მეორე ეტაპი, შესაბამისი პროცედურების დაცვით, გამოცხადდა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი ვერ იქნება დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესებთან და, შესაბამისად, ამ თემის პოლიტიზება ყოვლად დაუშვებელია.