რელიზები
13.10.2013
პრეზიდენტი ხობში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი ხობში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და მომხდარი კატეგორიულად დაგმო. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საყოველთაო ამნისტია იყო შეცდომა, რომლის შედეგებსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
„როგორც იცით, ხობში სპეცოპერაცია ჩატარდა. კრიმინალმა, რომელმაც ადრეც მოკლა ადამიანი, გასამართლებული იყო და გამოუშვეს ციხიდან, დაჭრა რამდენიმე პოლიციელი და იმსხვერპლა ძალიან კარგი ადამიანი, ახალგაზრდა პოლიციელი დათო დემურია, რომელსაც დარჩა ფეხმძიმე მეუღლე. ამას ნამდვილად არ ვამბობ ნიშნის მოგებით, მაგრამ რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი გაფრთხილებები იყო ყურადსაღები? ამ ხალხის ციხიდან გამოშვება არ შეიძლებოდა - ისინი იყვნენ ძალიან საშიში დამნაშავეები. ოჯახების გაუბედურებას, ბავშვების დაობლებას არანაირი პოლიტიკა არ ამართლებს. 90-იან წლებში გავაკეთეთ სისულელე, 2012 ხელახლა გავაკეთეთ მსგავსი სისულელე და რამდენჯერ უნდა გამეორდეს იგივე საქართველოს ისტორიაში, რომ მსგავსი სისულელეები აღარ ჩავიდინოთ? საკუთარ შეხდომებზე მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ ყველამ?“ - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.