Google+

რელიზები

24.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „მავთულხლართების თემა არის სერიოზული კრიზისის თემა და სერიოზული შემოტევის ნიშანი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე“

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დვანსა და დიცში განვითრებულ მოვლენებს.

„მავთულხლართების თემა არის სერიოზული კრიზისის თემა და სერიოზული შემოტევის ნიშანი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხზე ყურადღება არ მოდუნდეს, რადგან რუსეთთან მიმართებაში ახლა ძალიან საშიშ პერიოდში ვიმყოფებით. გუშინ პრეზიდენტ ობამასთნაც ვთქვი, რომ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ვშიშობ, სიტუაცია მოკლევადიანად, მაგრამ ბევრად უფრო გაუარესდება და  ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსეთს თავისი აგრესიული ინსტიქტები სულ უფრო უძლიერდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გაეროში აქტიურად მიდის მუშაობა და ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე მისი მოხსენების დიდი ნაწილი სწორედ ამ თემას დაეთმობა.

„კახა იმნაძე სხვა პოლიტიკური ბანაკიდან არის, თუმცა, არ შემიძლია, არ დავაფასო მისი პროფესიონალიზმი. იგი ძალიან ცდილობს, აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით გაეროში. რამდენიმე დღეში აქ იქნება სუამ-ის შეკრება, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაესწრება და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ... ამ თემაზე გამოსვლას ვამზადებ. ჩემი გამოსვლის ტექსტი წინასწარ ექნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მათგან მივიღებ ყველანაირ რეკომენდაციას და გახსნილი ვარ შენიშვნებისთვის. მე და საგარეო საქმეთა მინისტრი ერთად ვესწრებოდით პრეზიდენტ ობამას გამოსვლას, რადგან საჭიროა კარგი კოორდინაცია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თემაზე. ასე რომ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკური რყევების მიუხედავად, ჯანსაღი აპარატი ჩამოყალიბდა. ვინც არ უნდა იყოს მომავალში პრეზიდენტი, უნდა ვიმუშაოთ ერთად, რადგან საქმე შეეხება საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს. შესაძლოა, ჩემთვის უსიამოვნო განცხადებები კეთდებოდეს, მაგრამ მაინც ერთად უნდა ვიმუშაოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე გაამახვილა და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე ისაუბრა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით ლიტვის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ერთ-ერთმა  გამოცემამ  გაავრცელა. გამოცემის თანახმად, დალია გრიბაუსკაიტე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი იბრძოლებს უკრაინისა და მოლდოვასთვის, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს, მისი ახალი მთავრობა დაინტერესებულია როგორც ევროკავშირით, ისე ევრაზიული კავშირით.

„ევროკავშირის პრეზიდენტის მხრიდან ჩვენთვის შემაშფოთებელი განცხადება გაკეთდა. არ ვიცი, პრემიერ-მინისტრი რაზე ესაუბრა დალია გრიბაუსკაიტეს, მაგრამ ჩვენი მხრივ ვუხსნით, რომ ერთია, რას იტყვის პრემიერ-მინისტრი და მეორეა ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება კი არის ევროპაათან ინტეგრაცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებზე გადართვა, რადგან ქართველებს არანაკლებად უნდათ ევროპასთან ინტეგრაცია, ვიდრე უკრაინელებსა და მოლდოველებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არ შეგვიძლია ყველაფერს მივედ-მოვედოთ. ამ შემთხვევაში, ჩაგწევენ ბილიკიდან და აღმოჩნდები მოუსვლელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)