რელიზები
19.09.2013
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ყვარლის კარ-მიდამოში გახსნილ მეღვინეობის სასწავლო ცენტრში ფრანგმა ენოლოგმა ტრენინგი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა ყვარლის სახლში ახლადგახსნილ სასწავლო ცენტრში ფრანგ ენოლოგ ანჟერის უნივერსიტეტის პროფესორს, პარიზის ღვინის დეგუსტატორ-ექსპერტთა კავშირის წევრს ჟან მიშელ მუნიეს უმასპინძლა, რომელმაც მეღვინეობის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გამართა. სემინარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.ჩემს ვენახში მეღვინეთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის უფასო სკოლა გავხსენით, რომლის მსგავსიც ღვინის ფესტივალების ფარგლებში წინა თვეებშიც შევქმენით.ახლა აქ იმყოფება 30 მეღვინე საქართველოს ხუთი რეგიონიდან და ასე იქნება ყოველდღე. ჩვენ დაახლოებით 500-600 მეღვინეს მოვამზადებთ. აქ, ყვარელში, ღვინის დამზადების დარგში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ჩამოვიყვანეთ, რომელიც ჩვენს მეღვინეებს ღვინის დაყენების ახალ ტექნოლოგიებს ასწავლის. ამასთან ის ასევე გვასწავლის, თუ როგორ გავიდეთ საერთაშორისო ბაზრებზე, რათა მხოლოდ რუსეთზე არ ვიყოთ დამოკიდებული. რუსეთმა მოლდოვას უკვე ორი წელიწადია ბაზარი გაუხსნა და ისევ ჩაუკეტა. ჩვენ ხაფანგში გვეპატიჟება ის, ვინც მხოლოდ რუსეთის ბაზარს მიიჩნევს პრიორიტეტულად. მხოლოდ რუსულ ბაზარზე ორიენტაცია მძიმე შეცდომაა. ახლა ფრანგი ენოლოგი ჩამოვიყვანე, მომავალში ესპანელ, ამერიკელ და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტებს ჩამოვიყვან, რათა ჩვენ საუკეთესო ვენახებსა და ღვინოებს თანამედროვე ტექნოლოგიები დავუმატოთ. მაგალითად, დღეს მან ისეთი ტექნოლოგიები გაგვაცნო, რომელიც საფრანგეთშიც კი რამდენიმე თვის წინათ დაინერგა. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სწორედ ამ საქმეს გავაკეთებ ინტენსიურად. მინდა განათლებაზე გადავერთო მთლიანად, რადგან სწორედ განათლებაა ჩვენი აქილევსის ქუსლი, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში და ამ ვენახს მთლიანად მივუძღვნი საქართველოში მევენახეობის აღორძინებას. აუდიტორია უკვე ავაშენეთ და მინდა, პატარა, სანიმუშო ქარხანაც გავაკეთო. მომავალში სწორედ იმას გავაკეთებ, რომ საქართველოში მეღვინეებს გაუჩნდეთ პერსპექტივა და შეიძინონ ცოდნა. სწორედ ცოდნაა ჩვენი მთავარი იარაღი იმისათვის, რომ აღარასდროს დაგვაშანტაჟოს ვინმემ ღვინის ბაზრის ჩაკეტვით და ჩვენებს ბევრად მეტი შემოსავალი გაუჩნდეს ამ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებ პრეზიდენტობის შემდეგაც და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდეც. მე მეღვინეებთან ერთად მინდა მოვისმინო ეს სემინარი, რადგან ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, ხოლო მევენახეობასა და მეღვინეობას ახლა ვიწყებ. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე და ამ სემინარის შედეგად უდიდესი ცოდნა დამიგროვდება, რომელსაც შემდგომში სხვასაც გავუზიარებ და რაც მთავარია, მომავალ სეზონზე აუცილებლად გაგიმასპინძლდებით ნამდვილი ქართული, ყვარლური ქინძმარაულით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ტრენინგზე მიწვეული იყვნენ მეღვინეები კახეთიდან, რაჭიდან, სამეგრელოდან, იმერეთსა და შიდა ქართლიდან, ასევე საოჯახო მარნებისა და მეღვინეობის ასოციაციის წარმომადგენლები.