Google+

რელიზები

19.08.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი გადადგას ჩვენი საზოგადოების განახლებისა და გაჯანსაღების მიმართულებით.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ათიათასობით წევრს, რომელმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადა სასჯელი, მოეხსნას ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა და მიეცეს შანსი, რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად გააგრძელოს ცხოვრება.

განსხვავებით ფართომასშტაბიანი დაუსაბუთებელი ამნისტიისგან, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საზოგადოებისათვის ახალი პოზიტიური ბიძგის მიცემის მიზნებს და არ შეიცავს დანაშაულის მატებისა და კრიმინოგენური ვითარების გამწვავების რაიმე სერიოზულ რისკს.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელმოხდილ პირებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით მიიჩნევიან ნასამართლევ პირებად, ასევე იმ პირებს, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული და დღეის მდგომარეობით იმყოფებიან პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გაათავისუფლებს პირობითი მსჯავრის შემდგომი მოხდისაგან, მოუხსნის დამატებით სასჯელს (გარდა გადახდილი ჯარიმისა) და ნასამართლეობას.

აღნიშნული აქტით საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოების ამ ნაწილს აძლევს სრული რეაბილიტაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შანსს.

აღნიშნული განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადებით საფუძველზე (იხ. განცხადების ფორმა) და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ. განცხადების ჩაბარების დროს, განმცხადებლებლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობის ასლი. 

საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული სახელმწიფოს ან კაცობრიობის წინააღმდეგ, ასევე მათ, ვინც გასამართლებულია პედოფილიის ან განზრახ მკვლელობის საფუძველზე.

აღნიშნული აქტი არ შეეხებათ პირებს, რომლებიც გასამართდნენ შემდეგი მუხლების მიხედვით:

მუხ. 108 - განზრახ მკვლელობა;

მუხ. 109 - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში;

მუხ. 112 - დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა;

მუხ. 140 - სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან;

მუხ. 1431 - ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);

მუხ. 1432 - არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);

მუხ. 1433 - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა;

მუხ. 1441 - წამება;

მუხ. 2231 - ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა;

მუხ. 229 -  აფეთქება;

მუხ. 232 - ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება;

მუხ. 234 - საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიული, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი;

მუხ. 2551 - არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონო დამზადებასა და გასაღებაში;

ნასამართლეობის მოხნა არ შეეხებათ სსსკ - ის  მე-11 კარის (დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ) -  XXXVII,  XXXVII1 და XXXVIII თავებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გასამართლებულ პირებს.

ნასამართლეობის მოხსნა ასევე არ შეეხებათ სსსკ მე-14 კარით (დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ) გასამართლებულ პირებს.

 

განცხადების ფორმა 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)