საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლონეთის ოპოზიციის ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მოგესალმებით!
მივესალმები ჩვენს მეგობარს, ძალიან მნიშვნელოვან ევროპელ და პოლონელ პოლიტიკოსს, პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის ლიდერს იაროსლავ კაჩინსკის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მან პრემიერ-მინისტრობისა და საერთოდ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს შეიტანა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის განვითარების საქმეში.
ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება არც ეს და არც საქართველოს ეროვნული გმირის ლეხ კანჩისკის განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენის საქმეში, საქართველოს დამპყრობლის შეჩერებაში თბილისის კარიბჭესთან, იმაში, რომ საქართველოს დროშა ჯერ კიდევ ამაყად ფრიალებს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებზე, საქართველო არის თავისუფალი და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა.
ლეხ კაჩინსკი, ისევე როგორც მისი ძმა იაროსლავი, საოცრად გამბედავი, ძალიან გონიერი, ადამიანი იყო.
ძმები კაჩინსკებისთვის საქართველო გულისა და სულის ნაწილია. მათი ინიციატივით, ვარშავაში, აჯანყების მუზეუმში გაიხსნა იმ ქართველ ოფიცერთა ძეგლი, რომლებიც პოლონელებთან ერთად იბრძოდნენ პოლონეთის დამოუკდებლობის გადასარჩენად.
ამიტომ ჩვენთვის მისი ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია.
ჩვენ მადლობელი ვართ იმისათვის, რომ ამას წინათ პოლონეთის პარლამეტის საგარეო კომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოს საკითხზე; მადლობელი ვარ იმისთვის, რომ არა ერთი მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს, მათ შორის, იაროსლავ კაჩინსკის თანამებრძოლებმა, ბოლო წლების, ბოლო თვეების, ბოლო კვირების ოკუპაციის წინააღმდეგ; მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩვენმა მეგობარმა, საქართველოს მეგობარმა იაროსლავ კაჩინსკიმ საპატიმროში მოინახულა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სრულიად უსამართლოდ და მხოლოდ წმინდა პოლიტიკური მიზეზებით არის დაპატიმრებული - ამას ყველა აღიარებს, ვისაც ობიექტურობის განცდა და გრძნობა შერჩენია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; დარწმუნებული ვარ, სამართლი იზეიმებს და ეს უკანონობა შეჩერდება...
ასე დაემთხვა, როდესაც იაროსლავ კაჩინსკი იმყოფება საქართველოში, დილით ვნახე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, და ახლა ხელთ მაქვს კულტურის სამინისტროს ოქმი ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ.
ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს როგორი იყო იოსებ სტალინი საქართველოსთვის.
1921 წელს, როდესაც სისხლისმსმელი ვლადიმერ ლენინიც კი წინააღმდეგი იყო საქართველოს დაპყრობის, იოსებ სტალინის დჟინებული გადაწყვეტილებით საქართველოში შემოვიდა მე-11 არმია და წერტილი დაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას.
იოსებ სტალინმა საქართველოს ჩამოაჭრა ტერიტორიები - საუკეთესო ქართული მიწები, ქართული მოსახლეობით და გადასცა ის სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს.
იოსებ სტალინმა ხელოვნურად შექმნა ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიები - ის ნაღმები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად აგვიფეთქდა.
იოსებ სტალინმა დახვრიტა პოლონელ ოფიცრებთან ერთად კატინში ქართველი ოფიცრები, რომლებიც იბრძოდნენ ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ კომუნიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ პოლონეთში.
სწორედ სტალინის ხელმოწრით დახვრიტეს ქართველები და პოლონელები კატინში!
სტალინის ბრძანებით განადგურდა საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი!
იოსებ სტალინმა ჩაიდინდა წარმოუდგენელი დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ...
21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა - ეს არის წარმოუდგენელად ბარბაროსული და ანტიქართული აქტი, ანტისახელმწიფოებრი, ანტიეროვნული ქმედება, რომელიც აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში.
შეუძლებელია, მთელი დემოკრატიული სამყაროს დასაცინი არ გავხდეთ, მით უმეტეს, რომ მათი დასაცავები ვართ.
სტალინის ძეგლის აღდგენა გორში, ის ადგილი, რომელიც იბომბებოდა რუსების მიერ, არის იქ დაღუპული ქართველების, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი ადამიანების სულში ჩაფურთხება.
თუკი საქართველოში ვინმეს უნდა დაიჯეროს ბავშვური თამაში იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, ის არ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, მისი პრობლემაა. პირადად მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას ამ მთავრობაში.
მინდა მოვუწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს: გადახედოს ივანიშვილმა ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას! ეს არ არის ის, რაც წაადგება საქართველოს საქმეს!
კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ჩვენს ძმას, ჩვენს მეგობარს.
ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა თბილისში, შემოვიდა თავისი თვითმფრინავით საქართველოს საჰაერო სივრცეში მაშინ, როდესაც მას ჩამოგდებით ემუქრებოდნენ რუსები, რომლებიც ბომბავდნენ გორს. ამის მიუხედავად მან გამოარღვია საჰაერო და სახმელეთო ბლოკადა, შემოვიდა საქართველოში, ჩამოვიდა და სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა.
როდესაც ვლაპარაკობთ ოფიცრებზე უნდა ვთქვათმ რინ იგი დაიღუპა იქ, სადაც დაიღუპნენ ქართველი და პოლონელი ოფიცრები სტალინის ბრძანებით - კატინში, იქ, სადაც მისი თვითმფრინავი საკმაოდ საეჭვო გარემოებაში ჩამოვარდა.
ესეც სიმბოლურია.
ჩვენ დღეს პატივს ვცემთ მის ძმას და ვიდრე ის მოგვმართავს სიტყვით, მინდა მას გადავცე იგივე ორდენი, რომელიც ასევე ჰქონდა მის ძმას ლეხ კაჩინსკის.
იაროსლავ კაჩინსკი ჯილდოვდება წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
პოლონეთის ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი
ბატონო პრეზიდენტო,
ქალბატონებო და ბატონებო,
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ესოდენ მნიშვნელოვანი ჯილდოსთვის.
ეს ჯილდო არის ჩემთვის განსაკუთრებულია იმითაც, რომ სწორედ მან მიიღო ჩემთვის მისი გადმოცემის გადაწყვეტილება.
ისტორიაში არიან ადამიანები, რომლებმაც სხვა ერების ისტორიაში შეუდარებელი როლი შეასრულეს.
ქართველი ერის ისტორიაში ასეთი პიროვნება არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რეალურად აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაუბრუნა ქვეყანას თავისუფლება და შექმნა ქართული დემოკრატია, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება.
მან თავის ერთან ერთად მიაღწია დიდ წარმატებას ეკონომიკური განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ყველაფერი ეს ერთად აშენებს თანამედროვე სახელმწიფოს.
ისეთ სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სჭირდება განვითარება. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია.
თუკი მოქალაქეს სურს იყოს თავისუფალი, თუ სურს იყოს სუბიექტი, რომელიც თავისუფლად იღებს გადაწყვეტილებებს, ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მომავლისთვის ბრძოლა ღირს.
ის, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში და ჩაიწერება ოქროს ასოებით.
მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ამ რეგიონისა და მსოფლიოს ისტორიაში შევა ყველაფერი, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა.
2008 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა, მსოფლიოს მასშტაბის ამბავი იყო.
მაშინ აქ იქმნებოდა არა მარტო ერთი ერის ისტორია, არამედ მრავალი ერის.
ეს იყო ადამიანობის ისტორია და გადამწყვეტი მომენტი ხალხისთვის.
ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ მოვლენების დროს, იყო ჩემი ძმა. აქედან გამომდინარე, ამ ჯილდოს უდიდესი პატივისცემით ვეკიდები.
რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის რანგში მეც ვიღებდი გადაწყვეტილებებს - იმედი მაქვს, პოზიტიურს, მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ არ ვიმსახურებ ამ ჯილდოს.
დემოკრატიულ გარემოში ვითარება მუდმივად იცვლება და ამიტომ, თუ ისევ გავხდები პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ჯილდო უფრო მეტად დავიმსახურო.