რელიზები
27.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი აეროპორტში დაცვის გარეშე მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. აეროპორტში იგი მეუღლესთან ერთად, დაცვის გარეშე მივიდა და ავტომანქანასაც თავად მართავდა.
„უკვე ერთი კვირაა, რაც ასე დავდივარ - როგორც კი ნათელი გახდა, რომ დაცვის სამსახურს სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგვიშლის ხელს გადაადგილებაში, ვერავინ ვერ შემიშლის ხელს ადამიანებთან შეხვედრაში და ჩემი ფუნქციების შესრულებაში. ვფიქრობ, ამ ვითარების ზედმეტი დრამატიზაცია და სპეკულაცია საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენ ახლა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მივემგზავრებით. ასევე მინდა გუშინდელ განცხადებას შევეხო, რომელიც ბანკებთან დაკავშირებით გავაკეთე. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ ამის თაობაზე გარკვეული ინფორმაცია მქონდა, მაგრამ გადამოწმების შემდეგ, ეს ინფორმაცია, საბედნიეროდ, არ დადასტურდა. ძალიან ვწუხვარ, თუკი რაიმე არასწორად ვთქვი. ნამდვილად ვიცი, რომ ერთ-ერთი ჩემ მიერ დასახელებული ბანკი მოლაპარაკებას აწარმოებს ერთ-ერთ მსხვილ რუსულ ბანკთან. ეს ასეა და ისინი ამას არ უარყოფენ, მაგრამ თუ ბანკები არასწორად დავასახელე, ეს უნებურად მომივიდა და ნამდვილად არ მინდოდა ბანკებისთვის რამე პრობლემა შემექმნა. ჩემი სურვილია, რომ საბანკო სექტორი საქართველოში იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი. დიდი ყურადღებით დავაკვირდები, რომ ის მართლა არ ჩაუვარდეს ხელში ერთი ქვეყნის სახელმწიფო ბანკებს; იმ ქვეყნისა, რომელსაც საქართველოს მიმართ სრულიად არაჯანსაღი ინტერესი აქვს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.