Google+

რელიზები

23.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს საკრებულოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებლობაზე, ევროპულ მომავალზე და ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება მან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრინციპები და სამოქმედო გეგმა თანასწორობას, ტოლერანტობას, მრავალეთნიკურ, რელიგიურად მრავალფეროვან და ღია საქართველოს ეფუძნება, თანამედროვეობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, მერიტოკრატიას, თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის, საზოგადოებრივ წესრიგსა და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, კანონის უზენაესობასა და დანაშაულთან ბრძოლას.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი პრინციპები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ევროპულ მომავალზე, ეკონომიკაზე, უმცირესობების უფლებებზე, სასამართლო სისტემასა და კრიმინალზე. ეს პრინციპები უნდა დავიცვათ სიმტკიცით და სოლიდარობით. ეს არის პრინციპები, რომლებიც უნდა გადაიზარდოს ერთიან სამომავლო პროგრამაში მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში... ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციისა და ევროპული განახლების პარტია, ასე რომ, ჩვენ უნდა მოვარგოთ ევროპული პრინციპები ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესსაც“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, პარტიის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მთელი საქართველოდან, მათ შორის, თბილისის საკრებულოსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

საპატიო სტუმრის რანგში, კონფერენციას დაესწრო ვიტალი კლიჩკო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ყურადღება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაზე გაამახვილა.

„თქვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი მაგალითი უჩვენა მთელ მსოფლიოს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანამ შეძლო კორუფციის მარწუხებიდან თავის დაღწევა და გახდა თანამედროვე სახელმწიფო. თქვენ დაამატკიცეთ, რომ მასშტაბებითაც და მნიშვნელობითაც უზარმაზარი რეფორმების განხორციელება სულ რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი. ამის თვალნათელ დასტურს ვხედავ ყოველთვის, როდესაც თბილისს, ბათუმსა და ბევრ სხვა ქალაქს ვსტუმრობ. უკვე შეუძლებელია ეს ქართველ ხალხს წაართვა. ხშირად ვიხსენებ ჩემს შთაბეჭდილებებს, როდესაც 90-იან წლებში ჩამოვდიოდი. დღეს ეს სრულებით სხვა ქვეყანაა. ეს განსხვავება დღეს კოლოსალური და პრინციპულია. ამის ბოლო მაგალითი იყო საპარლამენტო არჩევნები, როდესაც საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ ის ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელშიც ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა დემოკრატიული არჩევნების გზით შეუძლია“, - განაცხადა პარტია „უდარ“-ის ლიდერმა.

კონფერენციის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „უდარ“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)