Google+

რელიზები

20.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „უნდა გვესმოდეს, რომ ინსტიტუტები, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, დიდი შრომისა და ბრძოლის ფასად შეიქმნა“

მოგესალმებით ყველას.

ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ შეხვედრებს, მაგრამ ჩვენი წინა შეხვედრები ყოველთვის ეფუძნებოდა არსებულ მდგომარეობას. ყოველი ახალი ჩამოსვლა იყო ახალი გზის მშენებლობის, პარკის  მშენებლობის, ახალი საწარმოების გახსნის, ინფრასტრუქტურის გაკეთების გამოცხადება...

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ საოცრება გავაკეთეთ რუსთავში, ქალაქში, სადაც, პრაქტიკულად, საერთოდ არ იყო წყალი, ახლა კი თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც არ არის მუდმივი წყალმომარაგება. ყველგან შევედით ახალი გზით, გავაკეთეთ სპორტული ობიექტები, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს მოგვიწევს იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ თქვენი - საკრებულოს, ქალაქის მერის და გუბერნატორის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ყველაფერი, რისი გაკეთებაც აქ ჩვენმა მთავრობამ - საქართველოს მთავრობამ ვერ მოასწრო, გაჩერებულია.  

გაჩერებულია იმ პარკის რეაბილიტაცია, რომლის გაკეთებაც საზეიმოდ დავიწყეთ და ძალიან ბევრი რუსთაველი ელოდებოდა. ეს არის საუკეთესო პროექტი, რომლითაც ძალიან ვამაყობდი; გაჩერებულია სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც რუსთავის ახალგაზრდობას ძალიან სჭირდება; გაჩერებულია გზა, რომლის მშენებლობაზეც 150 რუსთაველი იყო დასაქმებული, მაგრამ ამას გარდა, რუსთავისათვის ეს იყო მნიშვნელოვანი საშუალება, რომელიც, რეალურად, გაზაფხულზე უნდა დამთავრებულიყო.

ხალხი ათასლარიან ვაუჩერს ახლა მისტირის და ხშირად მეკითხებიან სად არის ათასლარიანი ვაუჩერიო. ნამდვილად არ ვამბობ ნიშნის მოგებით, მაგრამ ეს დიდი პრობლემაა და გასახარი აქ არაფერია. ერთადერთი, რითაც მართლა შეიძლება გაიხარო არის ის, რომ საქართველოში აღმოჩნდა ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც ძალიან ღირსეულად უძლებს ამ წნეხს და მათ შორის ერთ-ერთი პირველი არის თქვენი საკრებულო.

სხვათა შორის, გუშინ შევხვდი ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას, რომელშიც სხვა ფრაქციებიდან გადავიდა ხალხი.

ამ შემთხვევაში, მე ვლაპარაკობ არა როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, არამედ როგორც ინსტიტუტების გარანტორი.

ის, რაც ხდება, არის ზემოქმედება ინსტიტუტებზე. აქ არ დგას მხოლოდ ცალკეული პარტიის განადგურება-არგანადგურების საკითხი, თუმცა ტერმინი „განადგურება“, თავის მხრივ, ნიშანდობლივია.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რა გეგმებიც არ უნდა დააწყონ და რამდენი ბულდოზერიც არ უნდა მომართონ, იმდენი ავაშენეთ, რომ პრემიერ-მინისტრს შემდეგი 50 წელიწადი არ ეყოფა იმისათვის, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენი აშენებული გაასწოროს მიწასთან.

როგორც ვერავინ ვერ გაანადგურებს ჩვენ მიერ აშენებულ შენობებს, ისე ვერავინ ვერ დაანგრევს იმას, რაც ჩვენ შევქმენით და მთავრი, რაც შევქმენით, არის ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია...

ძალიან მეტკინა გული გუშინ ქუთაისში, სადაც რაღაც ინციდენტი მოხდა... ბევრ წერილს ვიღებ ფეისბუქის გვერდზე და მათ შორის მწერენ: „არ გეწყინოს მიშა“... „არც ერთი არ იყო იქ ქუთაისელი“... და ა.შ. 

ძალიან კარგად, ყველაზე კარგად ვიცი ვინც იყო იქ შეკრებილი და პოლიციელები ბოდიშს იხდიდნენ იმისთვის, რომ დილიდანვე მიიღეს ინსტრუქცია, არ გაკარებოდნენ ამ სუბიექტებს და ერთი კონკრეტული პარტიის აქტივისტებისთვის საშუალება მიეცათ  რაღაც გაეკეთებინათ პრეზიდენტისთვის.

გუშინ დაინახეს, რომ არაფერი არ გამოუვიდათ და ახლა კანონი შეაქვთ პარლამენტში, რომ პრეზიდენტს დაცვის სამსახური ჩამოერთვას და დაცვის გარეშე დარჩეს. წაიღოს დაცვა.

დაცვა სჭირდება იმ კაცს, ვინც ამას აკეთებს. 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი დაცვა სჭირდება, რადგან დიდი ქონება და ავლადიდება აქვს დასაცავი.

მე არც ჩემი ხალხისგან მჭირდება დაცვა და არც სხვა ვინმესგან - არც ქონება მაქვს დასაცავი, როგორც მათ და არც ნამუსი.

სიამოვნებით ვივლი მარტო, შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე კარგად ვიმუშავებთ, ყველაზე კარგ კამპანიას წარვმართავთ და მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღდგეს კანონიერება და წესრიგი, ცხოვრება გაგრძელდეს კონსტიტუციის პრინციპებით და ადამიანის უფლებები განუხრელად იყოს დაცული.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ სააკაშვილი ახლა გამოდის და ლაპარაკობს რაღაცებს, რადგან მას აგარაკების მშენებლობები შევუჩერეთო. ამ განცხადებას, რბილად რომ ვთქვათ, აკეთებს ჩემ მიერ და თქვენ მიერ აშენებული გორის ბაზის ტერიტორიაზე...

არ გახსოვთ, როგორი შენობები ჰქონდა პოლიციას ან სხვა უწყებებს? ახლა დააბრუნეს ძველი  ხალხი, რომლებიც გაუბედურებულ შენობებში ისხდნენ, სადაც იყო ერთადერთი დენის წყარო და იმაზეც ხალხს აერთებდნენ. დაბრუნდნენ ახლა ესენი ჩვენ მიერ აშენებულ შენობებში და ამ შენობების ფონზე აკეთებენ განცხადებებს, რაღაც კორუფციაზე, გაურკვეველ აგარაკებზე...  

11-ჯერ გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი!

ეს როგორ ხდება? მესმის, რომ მათემატიკაში ბევრი მათგანი მოიკოჭლებს, ოროსნების დიდ ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როგორ ხდება ეს - თან ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, თან ამდენი რამ ავაშენეთ, თან ჩვენი აგარაკებიც მოვიწყეთ და პირადი ცხოვრებაც?  

და ადრე რატომ ვერ ხერხდებოდა ასე?

ყველაფერი პირიქით შემოტრიალდა და ამის შესახებ ჩვენს ხალხს არჩევნების წინ ვეუბნებოდი.

ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს მოქალაქებს: მეგობრებო, შესაძლოა გვგონია, რომ გარანტირებულია, მაგალითად, ის, რომ ბავშვის გაშვება შეგვიძლია ქუჩაში; გარანტირებულია ის, რომ ხელფასები და პენსიები იზრდება; ის, რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება და ახალი ქალაქები შენდება.  შესაძლოა ისიც გვგონია, რომ მოვა ვიღაც და დამატებით მოგვცემს რამეს უფასოდ, ხელს გაგვიმართავს და კიდევ მეტს გაგვიკეთებს, რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ბევრს ძალიან უჭირს და ეს ძალიან კარგად ვიცი.

უნდა გვესმოდეს, რომ ინსტიტუტები, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, დიდი შრომისა და ბრძოლის ფასად შეიქმნა.

მახსოვს, პარლამენტში რომ შევედით ვარდების რევოლუციის დროს, ნაცვლიშვილი, რომელიც იყო შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული ჩინოვნიკი და მისი მარჯვენა ხელი, პარლამენტის ფოიეში ცხარე ცრემლებით ტიროდა - მას ცხოვრება დაენგრა, დაინგრა მისი კორუფციული სამყარო და გეგმები.

ეს ხალხი - კოლექტიური თამაზაშვილები, ნაცვლიშვილები, ახვლედიანები დაბრუნდნენ უკან  და მათ კონკრეტული პროგრამა აქვთ - პირადი გამდიდრება და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა.

საქართველო პატარა ქვეყანაა და პროცენტულად, ამ რაოდენობის დაპატიმრებული ადამიანები ყველაზე რთულ ეპოქებშიც არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის მაშინ, როდესაც საქართველო არ იყო დამოუკიდებელი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ, ვთქვათ, ვარდების რევოლუციის შემდეგ დააპატიმრეს  და პასუხი აგებინეს ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ადამიანმა დააბნელა საქართველო, ფულს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოში არ ყოფილიყო დენი. გუშინ კი დაიჭირეს ალეკო ხეთაგური, რომლის წყალობით საქართველოს აქვს ელექტროენერგია, რადგან ალეკო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. დაიჭირეს ალეკო ხეთაგური, რომელიც ფინანსთა მინისტრიც იყო, რომლის წყალობით, ასევე მისი ვინც მანამდე მუშაობდა, ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა.

აღარ არის განსხვავება საქართველოს დამბნელებელსა და ფულის მომპარავს შორის და იმ ხალხს შორის, ვინც ეს ფული უკან მოატანინა?

დაიჭირეს ნიკა გვარამია, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი იყო კორუფციის წინააღმდეგ. შემდეგ წავიდა უცხოეთში, საუკეთესო განათლება მიიღო, ჩამოვიდა და დაიჭირეს ამ ოროსნებმა, ორი წიგნი რომ არ აქვთ წაკითხული და დოლარის ნიშნებს რომ ცნობენ.

და ეს არის სამართლიანობა? ეს არის რისი აღდგენისკენაც მოგვიწოდებდნენ?

დაიჭირეს კახა დამენია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი სახელმწიფო მოხელეა  საქართველოში, რომელიც ოდესმე მინახავს, რომელსაც პირადი საკითხები არ აინტერესებს. მომპარავი გამოდის ციხიდან, კორუმპირებული ზის კაბინეტში და დაიჭირეს ის, ვინც ებრძოდა კორუფციასა და კრიმინალს...

თქვენ გგონიათ, რომ ამას ფასი არ აქვთ ხალხისთვის და არ მოყვება ყოველივე ამას შედეგები?

შედეგი უკვე მიღებული გვაქვს - რუსთავის გაჩერებული გზა, სწორედ ამის შედეგია.

რუსთავის პარკის გაჩერებული მშენებლობაც ამის შედეგია.

რუსთავის სპორტის სასახლის მშენებლობის გაჩერებაც ამის შედეგია.

სოციალური დახმარების ლოზუნგით მოსულმა მთავრობამ, აჭარაში ყველა სოციალური პროგრამა შეაჩერა!

გასაგებია, აჭარასთან მიმართებით, შურისძიების განსაკუთრებული მოტივაცია აქვთ. აჭარის უზენაისი საბჭოს კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ ანბანის კოშკი და ახალი უნივერსიტეტის შენობა დასაშლელია.

ეს ხალხი სრულიად განსხვავებულ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. ბათუმს სოციალური სახლების პროგრამა შეუჩერეს, რომელიც ძალიან სჭირდება იმის გამო, რომ ძალიან ბევრი უსახლკაროდ არის დარჩენილი. სოციალურად დაუცველებს ერთიანი დახმარებების პროგრამა შეუჩერეს.

...და ეს არის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სოციალური დახმარებების ლოზუნგით... 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)