რელიზები
28.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონებს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დედოფლისწყაროში მექანიზაციის ცენტრს ესტუმრა და მისი მუშაობის პროცესს პირადად გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი ცენტრის თანამშრომლებსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ, პრეზიდენტის, ფერმერთა მომსახურების ცენტრების მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნა და მათი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვა კვლავაც გაგრძელდება.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა პერსონალთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, არ უნდა შეჩერდეს სოფლის მეურნეობის განვითარება. უფრო მეტიც, მისი თქმით, უახლოეს მომავალში სამეურნეო ტექნიკის რაოდენობა უნდა გაოთხმაგდეს.
დედოფლისწყაროში სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა ველოსიპედით მოსეირნე ლიტველ ტურისტებს გაესაუბრა და მათ "ქოჩების ტბის" დათვალიერებაც ურჩია. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსს, მელქისედეკს შეხვდა და რაიონში მიმდინარე აღმშენებლობისა და პერსპექტივების შესახებ გაესაუბრა.
სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის ვენახებში, საქართველოს პრეზიდენტი გლეხებს მოულოდნელად ესტუმრა და რთველის მიმდინარეობას დაესწრო. მიხეილმა სააკაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ვენახში მომუშავე კახელებისგან პირადად მიიღო. ქვეყნის პირველი პირის თქმით, წლევანდელი რთველი კარგად ჩატარდა და გლეხისთვის ყურძნის ჩასაბარებელი ფასიც მისაღები იყო. როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ ეს ფასი არა მარტო უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაიზარდოს კიდეც.
მიხეილ სააკაშვილი სიღნაღის ვენახებიდან ბადიაურის ღვინის ქარხანაში გაემგზავრა, სადაც ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო და იქ მომუშავე ადამიანებს გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს გლეხს, რათა რთველის მიმდინარეობა არ შეფერხდეს, რადგან წარმატებით ჩატარებული რთველი ბევრი ოჯახისთვის პრობლემების მოგვარებას ნიშნავს.