Google+

რელიზები

30.08.2012
მიხეილ სააკაშვილმა დაჭრილი სპეცრაზმელი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი ზურაბ ზურაბიშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა თავდადებისთვის და აღნიშნა, რომ ასეთ გმირებზე დგას საქართველო.

„კარგად გადავრჩით. ზურა ნაღმზე აფეთქდა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ ფეხი ჰქონდა მოგლეჯილი. იმის გვეშინოდა, რომ სისხლისგან არ დაცლილიყო და 3 საათი ხელში აყვანილი მოჰყავდათ. ყველანი ძალიან ვნერვიულობდით. ძალიან ვიწრო ხეობაა, ვერტმფრენი ვერ შედიოდა და ძალიან მძიმე ვითარება იყო. ცხინვალიდან უვნებელი გამოხვედი და მიხარია, რომ ახლაც გადარჩი. მთავარია მალე წამოდგეს და გაიაროს. ასეთი მძიმე ოპერაციების ფონზე, მაინც კარგ ფორმაში ხარ. ზურას ორი მედალი აქვს მიღებული მხედრული მამაცობისთვის. აი, ასეთ ბიჭებზე დგას საქართველო“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას.  

საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარიც გააკეთა და ზურაბ ზურაბიშვილის გადარჩენა მის ახლობლებს მიულოცა.

„მიხარია, რომ ზურაბ ზურაბიშვილი გადარჩა. მართალია, ძალიან გვანერვიულა, რადგან მისი გამოყვანა ძალიან რთული ოპერაცია იყო - დაჭრილი რამდენიმე საათის განმავლობაში ხელით მოჰყავდათ ცეცხლის ქვეშ, მაგრამ მაინც გამოძვრა. იგი ყველაზე შორეულ წერტილში იმყოფებოდა - ხეობის მეორე მხარეს, სადაც ნაღმზე აფეთქდა. იმ ჯგუფებიდან, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ, კიდევ  რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ექიმი ლადო ხვედელიძე კი, რომელიც დაჭრილის გადასარჩენად მიდიოდა, ამ ამბავს შეეწირა. ამ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ ნამდვილი გმირობის მაგალითები. ექიმი, რომელმაც პაციენტი გადაარჩინა, დაიღუპა. ჩვენს მებრძოლებს ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი არ ვტოვებთ არსად - ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. მთავარი იყო მისი დროულად ჩამოყვანა, რათა სისხლისგან არ დაცლილიყო. ეს ის ხალხია, რომელმაც მძევლები  ჩაანაცვლა - ესენი არიან  ჩვენი მესაზღვრეები და პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილობრივ ბიჭებს სიცოცხლის უდიდესი რისკის ფასად ჩაენაცვლნენ. ის ადამიანები კი, რომლებიც, შეიძლება, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალო, რადგან საკუთარი ღირსებაც არ გააჩნია და ამიტომ არიან  დარწმუნებული, რომ სხვას არ აქვს ღირსება და ყველაფერი დადგმული ჰგონია, ვერ წარმოუდგენიათ, რომ, შესაძლოა, ადამიანი სამშობლოსთვის სწირავდეს თავს და ნამდვილი გმირი იყოს. საბედნიეროდ, საქართველოში უმეტესობა ასეთი გმირია და ამიტომაც გადარჩა ჩვენი ერი. ამიტომაც გადარჩება ის ყოველთვის და გაიმარჯვებს კიდეც. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 36 წლის ზურაბ ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა და მას ორჯერ აქვს მიღებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, მედალი "მხედრული მამაცობისათვის“.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)