რელიზები
26.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა საირმეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი კურორტ საირმეს ესტუმრა და განახლებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს პირადად გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა ჩატარებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და საირმის დამსვენებლებს ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასა და დასაქმების შესაძლებლობებზე ესაუბრა.
"იგეგმება ერთიანი ტურისტული მარშუტის შექმნა, რომელიც ჯავახეთის, იმერეთისა და რაჭის კურორტებს გააერთიანებს. შეიკვრება ახალციხის, აბასთუმნის, წყალტუბოს, საირმის, შაორისა და უწერას ერთიანი საკურორტო სისტემა.
ამას გარდა, ჩემი დავალებით აღდგენილი რაბათის ციხის არქიტექტორმა უკვე დაიწყო გორის ციხის განახლების პროექტზე მუშაობაც, შესაბამისად, ძალიან მალე კიდევ ერთი უმშვენიერესი ტურისტული ობიექტი შეემატება შიდა ქართლს",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ტურისტული ზონების განვითარება დამსვენებელთა რიცხვის ზრდას შეუწყობს ხელს, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
კურორტ საირმის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.