რელიზები
24.07.2012
მიხეილ სააკაშვილმა ანასეულის ჩაის ფაბრიკა დაათვალიერა
მიხეილ სააკაშვილმა დღესვე ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა დაათვალიერა, რომელიც უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავ ჩაის აწარმოებს. საქართველოს პრეზიდენტი საწარმოს მესვეურებსაც გაესაუბრა და წარმოების ტექნოლოგიით დაინტერესდა.
„90-იან წლებში მთელი ქარხნები ჩალის ფასად დაიყიდა და განადგურდა. მთელი დაზგები დაჭრეს და თურქეთსა და სხვა ქვეყნებში ჯართად გაყიდეს. თქვენ ეს ფაბრიკა გადაარჩინეთ და შეინარჩუნეთ. მართალია, ძველი დანადგარებია, ძველი ქარხანა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის ჩაის აწარმოებთ და უამრავ ხალხს ასაქმებთ. ეს გარკვეული იმედია მოსახლეობისთვის და ბევრად მეტი პლანტაცია უნდა გავაშენოთ. ჩაი უფრო მეტ ხალხს ასაქმებს, ვიდრე რომელიმე სხვა კულტურა. ეს არის მთავარი. საშუალო სიდიდის სოფლებში ძალიან ბევრს უნდა დასაქმება. ჩაი ყველაზე შრომატევადი კულტურაა და ამიტომაც, ამ მიმართულებით, დასაქმების ხარისხიც მაღალია“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
ანასეულის ექსპერიმენტული საწარმოს პროდუქცია ექსპორტზე გადის და ქართული ჩაი უკრაინაში, უზბეკეთსა და მოლდოვაში იყიდება. საწარმოში მუდმივად 32 ადგილობრივია დასაქმებული, სეზონურად კი - ჩაის პლანტაციებში 120-მდე მუშახელი საქმდება.