რელიზები
24.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წალენჯიხაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხაში ობუჯის თემში მცხოვრებ თენგიზ ქუთელიას ოთხსულიან ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა. თენგიზ ქუთელიას ოჯახი ცოტა ხნის წინათ წყალდიდობის შედეგად ჩამოწოლილი მეწყერის გამო უსახლკაროდ დარჩა. კომისიის შეფასებით, სახლი აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, ამიტომ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფომ მათთვის წალენჯიხაში ორსართულიანი სახლი შეიძინა.
„თქვენს სოფელში უმეტესი სახლები გავაკეთეთ, მაგრამ ორი სახლი იყო, რომელთა შეკეთებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. კახეთშიც ასეთივე ვითარება გვაქვს და რამდენიმე სახლის შეკეთება შეუძლებელია. ამიტომ, კახეთშიც, სამეგრელოშიც და სხვა ადგილებშიც, სტიქით ყველაზე მეტად დაზარალებულებს და გაჭირვებულ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა მივხედოთ, რათა გარეთ არ დარჩნენ. დასაქმების მხრივ, სამეგრელოში მალე ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაჩნდება როგორც ინფრასტუქტურის, ისე ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით. ეს სახლი საქართველოს სახელმწიფომ გადმოგცათ, რადგან ამ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს დაუცველი. ამას გარდა, ეს ყველასთვის იმედის ნიშანია - ყველას უნდა სჯეროდეს, რომ სახელმწიფო და მთავრობა მიხედავს. ვინაიდან, მაშინ მდინარემ არ წაგვიღო და ფონს გავედით, ყველაფერი კარგად იქნება. იმ უბედურების შემდეგ არ შემეძლო არ შემომევლო თქვენთან და არ მენახეთ. ამ დღეებში მთელი ყურადღება კახეთიკენ გვქონდა მიმართული. ძალიან დიდი მაშტაბის კატასტროფა მოხდა, მსგავსი არავის უნახავს. ეს რომ მომხდარიყო კომუნისტების დროს, 90-იან წლებზე აღარაფერს ვამბობ, კახეთი დაინგრეოდა და ადგილობრივები გასახლებული იქნებოდნენ. კიდევ კარგი, რომ ახლა მინიმალური რესურსი მაინც გვაქვს და გვყავს მთავრობა, რომელსაც შეუძლია დღე და ღამე იმუშაოს და ყველაფერი აღადგინოს. იგივე შეეხება თქვენს მდგომარეობასაც. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არც სამეგრელოში, არც კახეთში, არც გურიაში და არც სადმე სხვაგან, სადაც მსგავსი რამ მოხდა, მიტოვებულად არ იგრძნოს ვინმემ თავი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.
წყალდიდობა სამეგრელოში 29 ივნისს მოხდა, რომლის დროსაც დაზიანდა ხიდები და სხვა კომუნიკაციები, განადგურდა ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას ზარალის დათვლა და მოსახლეობის დახმარება დაავალა.
ახალი საცხოვრებელი კიდევ ერთ დაზარალებულ ოჯახს გადაეცა.