მიხეილ სააკაშვილი: „დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს, ასე უნდა ვიყოთ სპორტშიც“
ლონდონში გამგზავრებამდე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და სპორტულ თამაშებში წარმატებები უსურვა.
„წინ დიდი შეჯიბრი გელით, ჩვენ კი - თქვენი გამარჯვების დიდი ემოციები. რვა წლის წინათ, ჩვენ ჩავიბარეთ ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი, გაუბედურებული და უიმედო ქვეყანა. ჩვენ არ გვქონდა შანსი, მაგრამ ვთქვით, რომ არავის არ ჩამოუვარდებით და დღეს მსოფლიოში ბევრი აღიარებს, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველო პირველ პოზიციებს იკავებს. ასე უნდა ვიყოთ სპორტშიც. არაფერია თუ სხვები უფრო დიდ ქვეყანას წარმოადგენენ, თუკი უფრო მეტი გამოცდილება აქვთ და უფრო მეტი ფული. საქართველო და ქართველი კაცი არის ის მებრძოლი, რომელიც ყველაზე გამოუვალ ვითრებაში პოულობს გამოსავალს, ყველაზე დიდ სიძნელეებს არ ეპუება, არასდროს არ კარგავს გამარჯვების იმედს და იბრძვის გამარჯვებისთვის. ასე რომ, მინდა წარმატება გისურვოთ. ამბობენ ხოლმე, რომ სპორტის მთელ რიგ სახეობებში შანსი არ გვაქვს - ეს სრული სიცრუეა. შანსი გვაქვს ყველგან, სადაც ვიბრძოლებთ, ამიტომ ყველა მიმართულებით უნდა ვიბრძოლოთ. ისტორიულად, ძალიან მდიდარი ტრადიცია და ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში მოსახვედრად, ქართველი ათჯერ უკეთესი უნდა ყოფილიყო, ვიდრე რუსი ან სხვა ერის წარმომადგენელი. იმ პირობებში, როდესაც ქართული ფორმა გაცვია და საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობ, ათჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და ვალდებული ხარ მიაღწიო წარმატებას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებთან მიმართვისას.
საქართველოს სახელით, ეროვნულ ნაკრებში, ქვეყნის ღირსებისთვის წელს წარმოშობით პოლონელი მძლეოსანი მასიეჟ როსიევიჩი იასპარეზებს. სპორტსმენის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან იმ დიდი სიყვარულის ნიშნად მიიღო, რომელიც ქართველ და პოლონელ ხალხს ერმანეთთან აკავშირებს. მასიეჟ როსიევიჩმა პრეზიდენტ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის მეგობრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ურთულეს ვითარებაში პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩასვლა, მიხეილ სააკაშვილის მხრივ, მხოლოდ ამ დიდი მეგობრობისა და სიყვარულის დადასტურება იყო.
„2008 წელს პეკინის ოლიმპიადას, საქართველოში ომი დაემთხვა. ქართველ ხალხთან ყოველთვის ვგრძნობდი დიდ მეგობრულ კავშირს. ჩვენ, როგორც სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშების აღნიშვნა გვინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ საქართველოში ომი იყო, რაც ძალზე სამწუხარო იყო ჩემთვის. შემდეგ, 2010 წელს, როდესაც პრეზიდენ კაჩინსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, პრეზიდენტი სააკაშვილი კრაკოვში ჩამოვიდა, რათა ბატონი კაჩნსკის ხსოვნისთვის პატივი მიეგო, გზად მას ამერიკიდან პოლონეთამდე 5 თვითმფრინავის გამოცვლა დასჭირდა, ყველა, მათ შორის, მეც ძალზე აფასებს ამ ფაქტს და სწორედ მაშინ გადავწყვიტე საქართველოს მოქალაქეობის მიღება“, - აღნიშნა მასიეჟ როსიევიჩმა.
წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება, რომელიც მშვილდოსან ქრისტინე ესებუასთან ერთად უკვე ლონდონში იმყოფება.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, თამაშებში პირველი ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ქართველი ოლიმპიელები ლონდონში 25 ივლისს გამთენიისას გაემგზავრებიან. ოლიმპიადა 27 ივლისს გაიხსნება.