Google+

რელიზები

19.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული რაიონები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებული რაიონები დღეს პირადად მოინახულა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შედეგებს ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი თელავში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც მათ სტიქიის გამო შეექმნათ. ქვეყნის პირველი პირი კახეთის მოსახლეობას დახმარებასა და ზარალის კომპენსაციას დაპირდა და განაცხადა, რომ მთავრობა დროულად აღმოფხვრავს მიყენებულ ზარალს.

„მთელი მთავრობა მობილიზებულია. ვანო მერაბიშვილი არის შტაბის ხელმძღვანელი. არც ერთი დაზიანებული ბინა არ დარჩება შეუკეთებელი. თითოეული სახლი იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე აქამდე იყო და შეკეთდება ისე, რომ მოულოდნელმა სტიქიამ ვეღარ შეძლოს მათი დაზიანება. მნიშვნელოვანია, სოფლებში მოსახლეობას კომპენსაცია მივცეთ. ხვალ დილიდან დაიწყება აღწერა. უპირველეს ყოვლისა, მთავარია ელექტრო ენერგიის, წყლისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგეს, მანამდე კი მოსახლეობა ცისტერნებით უნდა მოვამარაგოთ წყლით. ხვალ დილიდან აღმწერი კომისია დაიწყებს მუშაობას და ზარალის დასათვლელად 3-4 დღე იმუშავებს. სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს სია, ხალხი დროებით თავშესაფრებში უნდა გადავიყვანოთ. სახლები უნდა შევაკეთოთ და გადავხუროთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას. 

ქვეყნის პირველი პირი თიანეთსაც ესტუმრა, რადგან სტიქიამ ამ რაიონსაც დიდი ზიანი მიაყენა. პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო წყალდიდობის შედეგებს და მოსახლეობას გაესაუბრა.  

„ხვალ დილიდან ჩამოვა ბრიგადები, რომ სახლები აღდგეს. ამას გარდა, ყველას, ვისაც ნარგავები გაუნადგურდა, კომპენსაცია უნდა მივცეთ. თიანეთში მოსასვლელი გზაც დაზიანდა. ახლა გზის ამ 8-კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთებასაც ვიწყებთ და თიანეთში ყველგან კარგი გზა იქნება“, - განაცხადა მან.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი სოფელ ვაჩნაძიანში ჩავიდა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობას აქაც შეხვდა, შექმნილი პრობლემების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„ყველა, ვისაც ვენახი გაუნადგურდა, მიიღებს კომპენსაციას. წელს ყველგან კარგ მოსავალს ველოდებოდით, მაგრამ მთავრობა ყველაფერს მიხედავს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

დაზარალებული მოსახლეობა პირველ მეორე და მესამე კატეგორიად დაიყოფა. სამივე კატეგორია მიიღებს სასურსათო დახმარების პაკეტს, რომელშიც შევა ფქვილი, ზეთი და შაქარი. ამას გარდა, ზიანის კატეგორიების მიხედვით, ყველა ოჯახი მიიღებს ფულად კომპენსაციას. საქართველოს ხელისუფლება ასევე განიხილავს საკითხს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით და აგვარებს ტექნიკურ, ფინანსურ თუ სხვა საკითხებს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)