რელიზები
25.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ქართველ მეზღვაურებს მიულოცა
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ქართველ მეზღვაურებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურებსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტებს სიტყვით მიმართა და მათ ქვეყნის განვითარების გეგმებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება მეზღვაურთა პროფესიის მნიშვნელობასა და იმ რისკებზეც გაამახვილა, რომელიც ამ პროფესიას ახლავს თან.
საქართველო, როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მეორედ აღნიშნავს. ამჟამად, ქვეყანაში 18 000 მეზღვაურია, რომლებიც სხვადასხვა საზღვაო კომპანიებში არიან დასაქმებული. წელს ღონისძიებას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მასპინძლობს. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, შეიცვალა მეზღვაურის ფორმების სიმბოლიკა (ამოვარდა საბჭოთა ატრიბუტიკა) და იგი დაექვემდებარა ევროპულ სტანდარტებს.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს საზღვაო დარგის განვითარებისა და ამ სფეროში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტნები ავთანდილ ქაციბაია, გიორგი უნაფქოშვილი და ირაკლი შარაბიძე, რომელიც, ამავდროულად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორია.
ღონისძიებას სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურებიც ესწრებოდნენ.