რელიზები
29.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის ცენტრში ახალი ხუთვარსვარსკვლავიანი სასტუმრო President Plaza გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო მეუღლესთან, სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად დაათვალიერა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და ყურადღება მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ბათუმში მიმდინარე სამუშაოებზე სულ უფრო მეტი ადგილობრივი საქმდება, რაც უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს.
„გუშინ ერთ-ერთ კაფეში სრულიად შემთხვევით შევესწარი ლიტველ ტურისტს, რომელიც ადგილობრივებს ეუბნებოდა: თქვენ ახალ მონაკოში ცხოვრობთო. მე ვერ გავამტყუნებ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ამ სიტყვების არსს ვერ ხვდება, რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს. ამ ადგილიდან მოშორებით, ჭაობის დასახლებაში, ბენზეში და ზოგიერთ სხვა ადგილებში ბარაკები კვლავ არის შემორჩენილი, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზოგიერთ ქუჩაზე გზები ჯერკიდევ აყრილია და, ამასთანე, საკმაოდ ბევრი ადამიანი ხელმოკლედ ცხოვრობს. ბათუმში უკვე ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდა, მაგრამ ამ სამუშაო ადგილების დასაკავებლად ხალხს გადამზადება სჭირდება. მაგალითად, ქალბატონმა ფატიმამ მეუღლესთან ერთად საკუთარი სასტუმროს პერსონალი თვად გადაამზადა. ამჟამად, სასტუმრო President Plaza-ში 60 ბათუმელია დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 60 ოჯახს გაუჩნდა შემოსავლის წყარო. ბათუმში ყველგან რაღაც შენდება და მათ აბსოლუტურ უმეტესობას ქართველები, ადგილობრივი კომპანიები აშენებენ. თუმცა ინვესტორების შემოსვლაც მნიშვნელოვანია იმით, რომ ისინიც ქართველებს ასაქმებენ, მათ მიერ აშენებული ნაგებობები საქართველოში რჩება, გადასახადებს საქართველოში იხდიან, ამ გადასახადებით კი, სკოლებს ვხსნით, გზებს ვაგებთ და ა.შ. საბოლოოდ, ყოველივე ეს საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება დადებითად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ახალი 35-ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც რამდენიმე ლუქსი და ერთი საპრეზიდენტო ნომერია, სტუმრების მიღებას დღეიდან შეძლებს. President Plaza ადგილობრივი კერძო ინვესტიციით აშენდა და მის მშენებლობაში 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. სასტუმროში ამჟამად 60 ადამიანია დასაქმებული.