რელიზები
29.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. რიგის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი, რის შემდეგაც საქართველოსა და ლატვიის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ანდრის ბერზინში ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ვალდის დომბროვსკისთან, სეიმის თავმჯდომარესთან სოლვიტა აბოლტინასთან და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში და ეწვევა ლატვიის უნივერსიტეტს, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ქვეყნის პირველი პირი სხვა ოფიციალურ და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრება, მათ შორის, რიგაში იგი შოთა რუსთაველის ბარელიეფს გახსნის და ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს სახელწოდებით „ერთად საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - საქართველო ISAF-ში“.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ლატვიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.