Google+

რელიზები

24.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში სიტყვით გამოვიდა

მიხეილ სააკაშვილი ლოს ანჯელესში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც საქართველო-ამერიკის პარტნიორობის 20 წლისთავსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. პრეზიდენტმა მიმართვისას თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში რონალდ რეიგანის უდიდეს დამსახურებაზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებები მთელი რეგიონისთვის არის სამაგალითო.  

საქართველოს პრეზიდენტი დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას რონალდ რეიგანის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰეიბუშმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა წარუდგინეს. ჯონ ჰეიბუშის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მათთვის განსაკუთრებული სტუმარია, რადგან მან რონალდ რეიგანის მსგავსად, ცხოვრების დიდი ნაწილი რეგიონში თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას მიუძღვნა. ჯონ ჰეიბუშმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს იმ პატივისთვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანს მიაგო.

„დღევანდელი საღამო განსაკუთრებულია, ჩვენ არაერთი სახელმწიფო მეთაური და სტუმარი გვყოლია უცხო ქვეყნიდან - ჩვენ ყოველთვის სიხარულით ვმასპინძლობდით მათ. დღევანდელი საღამო განსაკუთრებულია, რადგან ჩვენთან ერთად იმყოფება ლიდერი რომელმაც, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად, საკუთრი ცხოვრების დიდი ნაწილი  თავისუფლებასა და დემოკრატიას მიუძღვნა იმ რეგიონში, სადაც ასეთი განძის შეძენა იოლი არ არის. ჩვენთან ერთად იმყოფება დღეს ადმაიანი, რომელმაც დიდი პატივი მიაგო რონალდ რეიგანს, 2011 წელს პრეზიდენტ რეიგანის იუბილესთან დაკავშირებით, მან ძეგლი დაუდგა ამერიკის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში - თბილისში, რათა მომავალ თაობებს მის ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში ახსოვდეთ თავისუფლების მნიშვნელობა. ბატონო პრეზიდენტო, რეიგანის ფონდის სახელით მადლობას გიხდით იმ დიდი პატივისთვის, რომელიც ჩვენი პრეზიდენტის მიმართ გამოხატეთ. ასევე მადლობას გიხდით მამაცობისათვის, თავისუფლების დაცვის ბრძოლაში“, - აღნიშნა ჯონ ჰეიბუშმა.

დევიდ ბრეირმა განსაკუთრებით აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის როლი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და აღნიშნა, საქართველო, ამ მხრივ, ყველაზე  გამორჩეული ქვეყანაა.

„დემოკრატიის განვითარება ისეთ რეგიონში სადაც მომძლავრებული იყო ხალხის ნება, არის კონცეფცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის ახლოა. სწორედ ამიტომ მიიჩნევს მას ვლადიმერ პუტინი ნომერ პირველ მტრად. პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით საქართველო იყო პირველი ყოფილ  საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელიც საბჭოთა წარსულს სრულად გაემიჯნა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ წამოიწყო ენერგიული დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრების განვითარება, რაც 30 წლის წინ რონალდ რეიგანის ხედვა იყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ფერადი რევოლუციების შემდეგ არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც საქართველომ რონალდ რეიგანის იდეის განხორციელებისათვის გააკეთა, ყოველივე ამის სიმბოლო კი თბილისში რონალდ რეიგანის ძეგლია, რომელიც ერთადერთია პოსტ-საბჭოთა სივრცეში“, -განაცხადა დევიდ დრეირმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დარბაზის შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფონდის დირექტორთან ერთად რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა რეიგანის საფლავი მოინახულა და ბერლინის კედლის ფრაგმენტი ნახა. ქვეყნის პირველი პირი საპრეზიდენტო თვითმფრინავზე „ბორტი ერთზეც“ მიიწვიეს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)