ჩიკაგოს სამიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა
ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ნატოს სამიტის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ალიანსს ზუსტი პოლიტიკა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მან ყურადღება მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა, რომელშიც ვრცლად არის გაწერილი რუსეთის შეუსრულებელი ვალდებულებები. ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს არჩეული პოლიტიკური კურსი და აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზნებს.
„ბუქარესტის ნატოს სამიტის შემდეგ, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია გაიმართა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნატოს მიმართულებით პროგრესის სერიოზულ ნიშანს ველოდებოდით. ვფიქრობ, ეს ნიშანი ჩიკაგოს სამიტზე მივიღეთ. თავდაპირველად, საქართველო უკრაინასთან ერთად მიისწრაფვოდა ალიანსში ინტეგრაციისკენ, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო, უკრაინამ ამ გზას გადაუხვია და საქართველო დიდი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, მოშორებით იდგა ევროპისგან. მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს არ ჰქონდა პოლიტიკა. ახლა კი, ნატო-ს წარმომადგენლები, მათ შორის გენერალური მდივანი ჰილარი კლინტონი, ბრიტანეთის ლიდერები აქ ყველა გამოსვლის დროს ძალიან ნათლად და ცალსახად ლაპარაკობდნენ საქართველოს პროგრესზე. ეს მიღებულ დოკუმენტშიც აისახა. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ პროგრესით საქართველო ჩვენი რეგიონიდან გადავიდა ბალკანეთის რეგიონში. ფაქტობრივად, შიქმნა არაფორმალური კლუბი და ყველამ იცის, რომ ეს სამი ბალკანური ქვეყანა ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ნატოს წევრი. ამ თვალსაზრისით, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ჰილარი კლინტონმა და ძალიან ბევრმა სხვა გამომსვლმა გამოაცხადა, რომ შემდეგი სამიტი იქნება ალიანსის გაფართოების სამიტი. კონსესუსი ახლა ამ მიმართულებით დგება. შემდეგი სამიტი, ალბათ, 2014 წელს გაიმართება და ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან დიდი შანსი. ასე დარწმუნებული არასდროს არ ვყოფილვარ, როგორც ვარ ახლა. ჩვენი პროგრესი აუცილებლად გაგრძელდება, მომდევნო სამიტისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. მაშინ კი, ძალიან ძნელი იქნება იმის ახსნა, რატომ არ იღებენ საქართველოს ნატო-ში. რასაკვირველია, ამისთვის ჯერ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. ვფიქრობ, შემდეგ სამიტამდე ჩვენი არაკეთილმოსურნის მთავარი ინტერესი იქნება ის, რომ საქართველოში მაქსიმალურად არიოს ვითარება სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის, არჩევნების პერიოდში და როგორც 2008 წელს, თქვას, რომ ასეთი ქვეყნის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება. მიმაჩნია, რომ გასულ წლებში კარგი გაკვეთილები მივიღეთ, ქართველი ხალხი უკვე ძალიან გამოცდილი და გამობრძმედილია და კარგად იცის, რომ ერთი და იგივე ნაღმს ფეხი ორჯერ არ უნდა დააბიჯოს. ხრიკების ამოცნობა ყველამ კარგად ვისწავლეთ. ასე რომ, პროგრესს გავაგრძელებთ და დანიშნულების ადგილამდე მივალთ. მანამდე კი უნდა გვესმოდეს, რომ უკვე ამ პერიოდში ნატო ჩვენთვის უსაფრთხოების სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს. მართალია, მომავალში ეს უფრო ნათლად აისახება, მაგრამ ის უკვე არის ყოველგვარი ავანტიურის სერიოზული შემაკავებელი. ამ დოკუმენტში პირველად არის ასე ვრცლად აღნიშნული რუსეთის შეუსრულებელ ვალდებულებებზე და რუსეთს მოუწოდებენ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება იკისროს, გაიყვანოს ჯარები და შეწყვიტოს ბაზების განვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნატო განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და ეს არ არის ჩვეულებრივი რამ. როგორც წესი ამ ორგანიზაციას რომელიმე რეგიონთან დაკავშირებით იშვიათად აქვს ასე მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკა. მას ზუსტად განსაზღვრული პოლიტიკა აქვს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ ფაქტობრივადაც. ნატო არის ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი და ის, რომ მას აქვს პოლიტიკა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი პერსპექტივისა და მომავლისთვის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ სვლა. აქ ტყუილად არ ჩამოვსულვართ და გზავნილი, რომელიც ჩიკაგოდან წავიდა, ძალზე მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, რომ ალიანსის არაწევრი 30-მდე ქვეყნიდან ამ სამიტზე ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელიც სამიტის ფარგლებში გამართული ყველა ფორმატის შეხვედრაზე მიიწვიეს. ეს უკვე ბევრს ნიშნავს და ეს არის გზავნილი ქართველი ხალხისთვის და ასევე ჩვენი მეზობლებისა და მთლიანად რეგიონისთვის. ვფიქრობ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს დღევანდელი დღიდანვე პრაქტიკულ მნიშვნელობასაც შეიძენს ჩვენთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.