Google+

რელიზები

25.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურში ახალი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურში მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და საძირკველში კაფსულაც პირადად ჩადო. მიხეილ სააკაშვილი სამუშაო პროცესს გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულ მოსახლეობას გაესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმო შენდება, მაგრამ, უმთავრესი ხალხის დასაქმებაა.  მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქარხნის მშენებლობა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება. საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ხაშურში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.   

„საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ მთავარი ტრასის გაყოლებაზე  უამრავი კარკასი დგას, რომლებიც კატასტროფულად აფუჭებს ლანდშაფტს. მსგავსი კონსტრუქციები უნდა ავიღოთ და მათ ნაცვლად ახალი საწარმოები უნდა ავაშენოთ. როდესაც გკვითხავენ რა გავაკეთეთ ხაშურისთვის ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვიყვანეთ ავტობანი, ვაკეთებთ ხაშურის შიდა გზებს, მომავალ წელს აქ ყველა სკოლა თანამედროვე სტანდატრების შესაბამისი იქნება, გავხსენით ახალი საავადმყოფო და გავხსნით ამ ახალ, ძალზე მნიშვნელოვან საწარმოს. ამ ქარხნის მშენებლობა ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება. შესაძლოა, ხაშურში ბევრად მეტი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ამ ვადაში ჩვენ ეს შევძელით და ბევრი სხვა პროექტიც გვაქვს დაწყებული, რომლებსაც ბოლომდე მივიყვანთ. მთავარი ხალხის დასაქმებაა. ყველა, ვინც აქ მუშაობს, კვალიფიკაციას აიმაღლებს და თუ აქ კარგად იმუშავებენ, ბევრად უფრო ადვილი იქნება სხვა მშენებლობებზე დასაქმება. საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს ასაშენებელი, ამიტომ მშენებლობა აქ აღარ გაჩერდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საწარმოში უახლესი ტექნიკა დამონტაჟდება, რაც ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ქარხნის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება და იქ 200 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება.

წარმოებული პროდუქციით საქართველოს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ასევე საკონსერვო საწარმოები მომარაგდება. საწარმოს მესვეურები პროდუქციის ექსპორტირებასაც გეგმავენ და მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი 10 მილიონი ლარით გაიზრდება. პროექტს ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია Inter Glass Georgia ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ღონისძიებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესწრებოდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)