Google+

რელიზები

24.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანის ახალი საავადმყოფოს წინ შეკრებილ მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო გურჯაანელებო!

რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა ამ საავადმყოფოს გახსნით  არ წყდება და ვიცით, რომ პრობლემები ბევრად მეტია, ვიდრე მათი გადაჭრის ტემპი.

ჩემზე მოუთმენელი ადამიანი დედამიწაზე არ არის და ყველაზე მეტად მინდა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად გავაკეთოთ, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა თუნდაც ორი წლის წინ...

სიმართლე რომ ვთქვათ, როდესაც მეორედ ვიყრიდი კენჭს, აქ დავდიოდი და თქვენ მხარდაჭერას გთხოვდით, დაგპირდით, რომ ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ისეთივე საავადმყოფოები გვექნებოდა, როგორიც არის ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში; ასევე ავაშენებდით ისეთივე სკოლებს, როგორიც აქვთ კორეაში, იაპონიასა და ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანაში.

ამას იმიტომ ვამბობდი, რომ ღრმად მწამდა ყველაფერს შევძლებდით, მაგრამ, ამავდროულად ვყოყმანობდით კიდეც და მაშინ ვფიქრობდით, რომ ამას დიდი დრო დასჭირდებოდა, უზარმაზარი შრომა, მაგრამ მაინც ყველფერს გავაკეთებდით.

ახლა მინდა გითხრათ: როგორც ეს საავადმყოფო კეთდება, როგორც 150 საავამდყოფო კეთდება საქართველოში, რასაც 5–6 უზარმაზარი ცენტრი მოჰყვება თბილისში, ისევე გვექნება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა ევროპის მასშტაბით - არა სადღაც შორს, არამედ ჩვენს რაიონში, ჩვენს სოფელში, ჩვენს პატარა ქალაქში, ჩვენი სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით.

რა თქმა უნდა, მხოლოდ საავადმყოფო ჯერ ყველაფერი არ არის; რა თქმა უნდა, ექიმებს სჭირდება გადამზადება და, რა თქმა უნდა, ბევრად დიდი კვალიფიკაციაა აუცილებელი.

ეს ხალხი ძალიან მონდომებულია, ცდილობენ მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე, მაგრამ აქ რომ შემოდის ექიმი, მას უკვე სხვა ატმოსფერო ხვდება და თავს სხვა მოთხოვნებს უყენებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა სწორად თქვა და მეც კარგად ვიცი, რომ ყველას ჯერ კიდევ არ აქვს სადაზღვევო პოლისი. ყველას ვისაც მკურნალობა სჭირდება, დაზღვევა უნდა ჰქონდეს, რადგან ძველი ვითარება უნდა შეიცვალოს. ადრე ელემენტარულ რამეზე გვიხდებოდა თბილისის საავადმყოფოში ჩასვლა, სადაც გვიღამდებოდა და ბედის ანაბარად ვრჩებოდით. ექიმები, ექთნები, მედდები ხელებში შემოგვყურებდნენ, ქირურგი ოპერაციას არ იწყებდა, ვიდრე ფულს არ გადაუხდიდი, ქუჩაში რამე რომ დაგმართოდა, სასწრაფოც არ მოვიდოდა, თუ წინასწარ არ ეტყოდი, რომ პოლისი გაქვს.

აი, ასეთ უსამართლობაში ვცხოვრობდით, ამიტომ, ჩემთვის ეს არის, უპირველესად,  თანასწორობის იდეა.

დღეს ზოგიერთებს ყველაზე მეტად აღიზიანებს ის, რომ საქართველოს ყველა მშრომელი ადამიანისთვის ეს ხელმისაწვდომია.

ადრე ჯანდაცვისა და განათლების მიღების, ცხოვრების საუკეთესო პირობები ერთეულებს ჰქონდათ, ყველა დანარჩენი „თამაშგარე“ მდგომარეობაში იყო.

ამიტომაც მოიწევენ ისინი უკან, ხელისუფლებაში.

პირველი ლოზუნგი, რაც მათ გაახმოვანეს იყო ის, რომ უფულო ადამიანს, თურმე, არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. მათ აღიზიანებთ ის, რომ მინისტრები და პოლიციის უფროსები ფულს არ სძალავენ მოსახლეობას.

მათ  ის იდეაც აღიზიანებთ, რომ თუკი საჯარო სამსახურში ხარ, საკუთარ ინტერესებზე მაღლა ხალხის ინტერესები დააყენო.

მათ აღიზიანებთ ის, რომ რიგით მოქალაქეებს რომ ეკითხებიან რა უნდა გადაწყდეს...

ასეთი საავადმყოფო ადრე თბილისშიც ერთადერთი მოქმედებდა და იქ მოხვედრა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. გურჯაანელებისთვის ეს ახლა გარანტირებულია, შეუძლიათ თბილისიდანაც ჩამოვიდნენ აქ და იმკურნალონ.

კიდევ უკეთეს აპარატურას ვიყიდით, კიდევ უკეთესად მოვამზადებთ ექიმებს, ახალ ტექნოლოგიებსაც დავნერგავთ.

აქ ყველა დაავადების მკურნალობა უნდა შეგვეძლოს.

ზუსტად ასევე ვაკეთებთ ყველაფერს დანარჩენსაც

გზად გურჯაანის იუსტიციის სახლი გამოვიარეთ და გამახსენდა, რომ ადრე ნებისმიერი ცნობისთვის თბილისში გიწევდა ჩასვლა და ზოგჯერ, თვეობით ელოდებოდი მას.

არც იმ ქალბატონებს ვამტყუნებ, ძველ „საპასპორტოებში“, ბნელ ოთახებში რომ ისხდნენ სხვების ხელებში შემყურე. რა ექნათ? არავითარი შემოსავალი არ ჰქონდათ...

ახლა აქ კეთდება ულამაზესი იუსტიციის სახლი, რომელშიც მომსახურე პერსონალი მხოლოდ იმაზე იფიქრებს, რით გასიამოვნონ და გაგიმარტივონ ცხოვრება.

დღეს ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია და სწორედ ამის შენარჩუნებას ვცდილობთ საქართველოში.

წელს ყველგან საავადმყოფოები იხსნება, მომავალ წელს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოში არც ერთი სკოლა არ იქნება, ვთქვათ, ამერიკულ და ფრანგულ სკოლებზე ნაკლები.

უკვე ყველგან ჩამოვიყვანეთ ამერიკელი მასწავლებლები, ყველგან გვაქვს კომპიუტერები, მომავალი წლიდან სრული კომპიუტერიზაცია მოხდება, ყველგან იქნება ახალი, საუკეთესო კლასები, ყველგან იქნება გადამზადებული მასწავლებლები...

ახალგაზრდობას ყველგან ექნება შანსი მიიღოს, მართლაც, საერთაშორისო განათლება, რათა ცხოვრებაში ყველა შესაძლებლობა გაესხნას.

ალბათ იცით, რომ ახალგაზრდობისთვის აქ ძალიან დიდ სპორტულ ცენტრს ვაკეთებთ, რაც მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ის იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე კომუნისტების დროს გაკეთებული კომპლექსი, რომელიც შემდეგ გაუქმდა.

ახლა ყველას, მათ შორის, თბილისელებსაც შეეძლებათ გურჯაანში იარონ საცურაოდ და მზეზე გასარუჯად.

ასევე ვანვითარებთ ახტალის კურორტს, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

როდესაც კახეთის აღორძინებაზე ვლაპარაკობთ, უპირველესად, ეს არის სამუშაო ადგილები.

რა ქმნის სამუშაო ადგილებს? ეს არის სოფლის მეურნეობა.

წელს რთველს უფრო კარგად ჩავატარებთ, ვიდრე როდესმე. გაზაფხულზე ბევრი ტრაქტორი შემოვიყვანეთ, მაგრამ შემოდგომით საქართველოს სოფლის მეურნეობას ტრაქტორებით სრულად დავაკომპლექტებთ. ყველგან კეთდება სოფტექნიკა, საქართველოში არ უნდა დარჩეს  დაუმუშავებელი მიწის არც ერთი ჰექტარი.

წელს გაზაფხულმა დაიგვიანა შემოსვლა და ცოტა ვინერვიულე, მაგრამ როგორც კი დათბა, დაიწყო მიწის დამუშავება, ხალხიც მოუთმენლად ელოდებოდა ამინდის გამოსვლას, რომ ახალ ტრაქტორზე დამჯდარიყო და მიწა დაემუშავებინა.

ჩვენ ამაშიც ვუწყობთ ხელს.

მეორედ, შემოდგომითაც უნდა ვისწავლოთ მიწების დამუშავება.

როდესაც დასაქმებაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია მომზადება. ამისთვის ვქმნით ტექნიკურ სასწავლებლებს.

ახლა შეგვხვდნენ კაჭრეთის ტექნიკური სასწავლებლის პედაგოგები და სტუდენტები.

კაჭრეთში საუკეთესო ტექნიკური სასწავლებელია და იცით რატომ? იმიტომ რომ სიყვარულით არის გაკეთებული; იმიტომ, რომ ყველა პედაგოგი გულით უდგება საქმეს, მათ შორის,  დირექტორი, რომელსაც 40 წლის გამოცდილება აქვს.

საუკეთესო ხალხი ცხოვრობს აქ.

მინდა იცოდეთ, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ ყველა სოფელში კეთდება წყალი, ყველგან მოქმედებს სოფლის პროგრამა, ყველგან დაიძრა საქმე...

ტელევიზიით გადმოსცემენ, რომ სადღაც გაიხსნა მშენებლობა, სადღაც ჩამოვიდა დონალდ ტრამპი და 50 სართულიან სახლს აშენებს, სადღაც 60 სართულიან სახლს აშენებენ...

ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ საქართველოს მეტი შემოსავალი ჰქონდეს და ამას გაგრძელება, მათ შორის, გურჯაანში მოყვეს.

ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ მთავრობა ციფრებით და მაჩვენებლებით კი არ ელაპარაკოს ხალხს და უთხრას რამდენიმე პროცენტით გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა, არამედ  რამდენი პროცენტით მეტი შემოსავალი ექნება კონკრეტულ ოჯახს; რამდენი წევრი ეყოლება დასაქმებული; რამდენად გაეზრდება ხელფასი; რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მისთვის ჯანდაცვა; რამდენად უკეთეს სკოლაში წავლენ მისი შვილები; რამდენად კარგი გზით იმგზავრებს არა მხოლოდ ცენტრალურ ტრასებზე, არამედ საკუთარ სოფელში, მიკრორაიონში და იქ, სადაც ცხოვრობს.

აი, ეს არის წარმატების საზომი ჩემთვის და არა ის, რომ, თუნდაც, მთელმა მსოფლიომ შეაქოს საქართველო.

საქართველოში უკვე ძალიან ბევრი ინვესტორი ჩამოდის და მთავარი, რასაც ყველა აღიარებს არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა ვერც ერთმა მეზობელმა და ევროპულმა ქვეყანამ - კორუფციის დამარცხება. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მიღწევა.

რამდენ ლიდერს შეუძლია მსოფლიოში წარსდგეს ამდენად წარმატებული, პატივცემული და აზრიანი საზოგადოების წინაშე და თქვას, რომ კორუფცია დაამარცხა?

ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ღირსება, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ.

ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში გვახრჩობდა, გვძარცვავდა, გვამცირებდა და კუთხეში ვყავდით მიმწყვდეული, ახლა ყველანაირად ცდილობს ვითარების შემობრუნებას, მაგრამ მთავარი საზომი არის არა ფული, ხრიკები, ან მტრის მუქარა, არამედ ჩვენი ხალხი.

საქართველოსთვის ყველა კარი გაიხსნება, ყველგან მიგვიღებენ და ყველა ჩაგვიკრავს გულში,  როდესაც საქართველო გახდება ბედნიერი ადამიანებით დასახლებული სტაბილური, წარმატებული ქვეყანა.

სწორედ ეს არის ჩვენი გამარჯვების საბოლოო საზომი.  

ასე, რომ ჩემო ძვირფასებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის.

ის, რომ ხალხი ჩვენთან შესახვედრად მოდის და ამისთვის დილით ადრე დგება, ჩემთვის და ჩემი მთავრობის წევრებისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა და უდიდესი სტიმული, რათა ღამეც არ გვეძინოს და 24 საათის განმავლობაში ვიმუშაოთ.

თქვენი ნებართვით ახლა საავადმყოფოს დავათვალიერებ და მუშაობას გავნაგრძობთ იმისთვის,  რომ ეს საავადმყოფო გურჯაანის დიდი აღორძინებისა და აყვავების დასაწყისი იყოს!

გმადლობთ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)