რელიზები
27.02.2012
მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში დღეს ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიამ „იმედი L” ააშენა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა დაათვალიერა, მისი პირველი პაციენტები, მათ შორის, სამი ახალშობილი მოინახულა, მედპერსონალს გაესაუბრა და საავადმყოფოში არსებული პირობებით დაინტერესდა. როგორც მან აღნიშნა, მკურნალობა უკვე საზოგადოების ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისათვის საუკეთესო პირობებში არის ხელმისაწვდომი.
პრეზიდენტმა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც მიმართა და მათ დაგეგმილი პროექტები გააცნო. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ყველა რეგიონი ყველა ადამიანი თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდეს და ყველას ერთნაირი პირობები უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილი კახეთის აღმშენებლობის თემასაც შეეხო და ამ მხარეში ტურიზმის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თერაპიის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნოდარ ყიფშიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ქართული მედიცინის მომავალი წარსულის დიდ სამედიცინო ტრადიციაზეა დაფუძნებული.
ახალი კლინიკის მშენებლობაზე სადაზღვევო კომპანიამ „იმედი L” 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საავადმყოფო 30 საწოლიანია და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. სამედიცინო ცენტრში პაციენტებს ყველა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ და იქ 120 კვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული.