Google+

რელიზები

20.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებოდა, სადაც ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე 31-ე ბატალიონის წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ბაზა „შუკვანი“ დაათვალიერა, სამხედროებს გაესაუბრა და მათ სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ჰელმანდში მომსახურე ჯარისკაცები: ვიცე პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ფილია, უფროსი ლეიტენანტი ბექა კელენჯერიძე, კაპრალი გიორგი ლომიძე განსაკუთრებული მამაცობისთვის, თავდაცვის უწყებრივი მედლებით - "სამშობლოსათვის თავდადებული" - პირადად დააჯილდოვა.

ოფიციალური მიმართვის შემდეგ, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველი სამხედროების პირობებს გაეცნო, მათთან ერთად საველე სასადილოში ისაუზმა და ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცებს მათი მისიის შესახებ ამერიკელი გენერლების შეფასება გააცნო. პრეზიდენტის განცხადებით, ქართულმა კონტიგენტმა ISAF-ის პროგრამაში მონაწილეობით, მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო შენაერთები აქვს.  

„ამას წინათ გენერალ პეტრეუსს ვესაუბრე. მან  აღნიშნა, რომ ავღანეთში ყველაზე რთული რეგიონი ჰელმანდის პროვინციაა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. მისი თქმით, ავღანეთში მყოფ ძალიან ბევრი უცხოელს აქვს შეზღუდვა - არ შეიძლება გასვლა, ბრძოლაში ჩართვა. მხოლოდ ინგლისელებს, ქართველებს და კიდევ ერთი-ორ პატარა კონტიგენტს არ აქვს შეზღუდვა. გენერალური შტაბის უფროსთან მან მადლიერება და აღფრთოვანება გამოხატა ქართველი სამხედროების მიმართ მათი მამაცობისა და გაბედულობისთვის. მათი მხრივ მადლიერებისა და პატივისცემის ასეთი გრძნობა, მართლაც საოცრებაა. ამაზე უფრო რთული ადგილი, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში არ არის. აქ წარმოუდგენელ, უნიკალურ გამოცდილებას იღებთ. ჩვენი შეიარაღებული ძალების მეხსიერებაში ეს ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში დარჩება. სად შეიძლება ამაზე უფრო რთულ ვითარებაში იყოთ, ჩემთვის წარმოუდგენელია. აქ ყოფნა, სამომავლოდ, წარმოუდგენელ გამოცდილებას გვაძლევს. თუ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია; ხოლო თუ გვინდა რომ გვყავდეს არმია, უნდა ვიყოთ ავღანეთში. აქ სხვა არჩევანი არ არსებობს. მთლიანობაში, 15 ათასი და მეტი ქართველია, რომელიც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ავღანეთში, ეს წარმოუდგენლად დიდი სამხედრო პოტენციალია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე „შუკვანი“, ქართველ სამხედროებთან ერთად მიხეილ სააკაშვილი ჯავშანტექნიკით პატრულირებაზეც გავიდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)