Google+

რელიზები

16.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ბერიძეების ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს ბერიძეების ოჯახს ესტუმრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა ეს სტატუსი მას იმ მიზეზით მოუხსნეს, რომ მისი ერთ-ერთი წევრი - აპლასტიური ანემიით დაავადებული 10 წლის გიორგი, ოჯახმა ნათესავების დახმარებით, იტალიაში სამკურნალოდ წაიყვანა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოზარდი ჯანდაცვის ვერც ერთ პროგრამაში ვერ მოხვდა და სახელმწიფო დაზღვევა მოეხსნა, ოჯახს კი იმის მიუხედავად, რომ მისი ყველა წევრი უმუშევარია, სოციალური დახმარება გაუუქმეს. პრეზიდენტი ბერიძეების ოჯახში სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად მივიდა და ადგილზე დაინტერესდა იმით, თუ რა კრიტერიუმებით მოეხსნა ოჯახს სოციალური დახმარება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები აუცილებლად უნდა გადაიხედოს. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი გაუგებრობის გამო, არც ერთ ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს უსამართლობისა და დაუცველობის განცდა. მიხეილ სააკაშვილმა გამართული და უფრო მოქნილი სისტემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ბევრად მეტად გვინდა ხალხს დავეხმაროთ და ბევრად ნაკლებს ვეხმარებით, მაგრამ, მთავარია, რომ ეს დახმარება სწორად განაწილდეს. თქვენ ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ ამ ხალხთან. ამიტომ, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ასეთი ოჯახები არ დაიჩაგროს უსამართლოდ. ამ შემთხვევაში ჩემი თვალით ვხედავ უსამართლობას - ასეთი ოჯახი აღმოჩნდა არა მხოლოდ დაუცველი, არამედ, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეურაცხყოფილიც - იმას, რაც აქ მოხდა, სხვა არაფერი არ ქვია. ჩვენ არ ვართ ნავთობის და გაზის ქვეყანა და ბევრი ფული არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს გადასახადებიდან მოდის და სამართლიანად უნდა განაწილდეს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ამ თანხის უსამართლოდ განაწილება იქნება. ამიტომ, გთხოვთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია დავწეროთ, შევქმნათ ახალი, ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტიანი სისტემა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ბერიძეების ოჯახშივე განაცხადა ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმად მოსახლეობას ენერგოვაუჩერები დაურიგდება. იმის გამო, რომ ზამთარი წელს განსაკუთრებულად მკაცრი აღმოჩნდა, ხალხს გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა და ელექტროენერგიის ხარჯი 20-30 პროცენტით გაეზარდა, ქვეყნის პირველმა პირმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის მდგომარეობის შემსუბუქება და ენერგოვაუჩერების საშუალებით, გაზრდილი ხარჯის ბიუჯეტიდან ანაზღაურება დაავალა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)