საქართველოს პრეზიდენის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამიტის Basecamp მუშაობაში, რომელზეც იგი საგანგებოდ მიიწვიეს. ფორუმზე, რომელსაც 650 ლიდერი ესწრება, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები და ბიზნესლიდერები, საქართველოს პირველი პირი სიტყვით წარსდგა. მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციამდელ არსებულ ვითარებაზე, 2004 წლის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ წარმატებებსა და იმ პოტენციალზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს აქვს.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, ძალიან საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. 35 წლის ვიყავი, როდესაც პრეზიდენტი გავხდი. საქართველოს მაშინ ძნელად თუ უწოდებდი ქვეყანას. საქართველოს დიდი ისტორია აქვს, ის უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, ვაზის სამშობლო, უძველესი ცივილიზაცია, მაგრამ, ფაქტია, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან რთული ვითარება იყო. მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, სკოლებში სწავლა მოზარდებს უმძიმეს პირობებში უწევდათ, არ იყო გათბობა, ქვეყანაში გაბატონებული იყო კორუფცია და ჩინოვნიკები პოსტებს ყიდულობდნენ. ყოველივე ეს გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ხდებოდა. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ ხაზინა ცარიელი იყო. ხელფასების გადასახდელად თანხა აღარ არსებობდა, თუმცა პირველივე წუთიდან ვიცოდით, რომ დრო არ გვქონდა და ძლიან სწრაფად უნდა გვემოქმედა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას.
მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდმა თავდაუზოგავი შრომით შეძლო კორუფციასთან და სხვა პრობლემებთან გამკლავება. მისი თქმით, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა - ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული.
საქართველოს პირველმა პირმა რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. დამსწრეთა ინტერესის საგანი საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა და ამ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება იყო.
სამიტი, რომელიც კალიფორნიაში მიმდინარეობს, 30 იანვარს დასრულდება.
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარაკ ობამას პირადი მიწვევით იმყოფება. საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ ოთახში 30 იანვარს გაიმართება.