Google+

რელიზები

20.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახლადაშენებული კორტები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მერთან გიგი უგულავასთან და ცნობილ ქართველ ჩოგბურთელთან ლეილა მესხთან ერთად, ახლადაშენებული ჩოგბურთის კორტები დაათვალიერა. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სპორტული კომპლექსები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამათან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დავალებაც მისცა - სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის შემუშავდეს სპეციალური პროექტი, რომლის თანახმად რამდენიმე ასეული მოზარდი სპორტის ამ სახეობით უფასოდ დაკავდება.  დახურული კორტების დათვალიერებისას, მიხეილ სააკაშვილს ცნობილი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის ხელმოწერილი ჩოგანიც უსახსოვრეს.

„მინდა ყველას მადლობა ვუთხრა და მივულოცო ახალი კორტები. დინამოს კორტების დანგრევას მიტინგებიც კი მოჰყვა. სხვათა შორის, ახლა ამ ხალხს არც ვამტყუნებ - ეს რომ  წინა მთავრობას დაენგრია, სანაცვლოდ ახალს არაფერს ააშენებდა, მაგრამ ეს სხვა დრო და სხვა მთავრობაა. ყველა დაგვემოწმება, რომ ბევრად უფრო კარგი კორტები გავაკეთეთ, თანაც იქ, სადაც ბევრად მეტი ხალხი ცხოვრობს, მათ შორის, სოციალიურად დაუცველები. აქედან გამომდინარე, სპორტის სამინისტროსთან ერთად მინდა გავაკეთოთ პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან რამდენიმე ასეულ ბავშვს საშუალებას მისცემს ამ სპორტით უფასოდ დაკავდეს. თუ ოჯახს უჭირს, ჩოგნებიც და  ბურთებიც ფუფუნების საგნებია. ამიტომ, უპირველესად, ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ და დარწმუნებული ვარ, თავიანთი შრომითა და მონდომებით  ბევრად მეტს მიაღწევენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისის განაშენიანების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დედაქალაქში ცხოვრება, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, კომფორტული უნდა გახდეს.

„იქ, სადაც ადრე კორტები იყო, ძალიან დიდი იუსტიციის სახლი შენდება და უმნიშვნელოვანესია ის, რომ ეს ადგილი ისევ ხალხს მოხმარდება. ამ ადგილზე რაიმე მახინჯი ნაგებობა ან საცხოვრებელი სახლი კი არ აშენდება (როგორიც, მაგალითად, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი იყო), არამედ შენობა, რომელშიც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე მოდმივად გადაწყვეტს საკუთარ პრობლემებს. ადრე ამ საკითხების მოგვარება ბევრად უფრო რთული იყო, დღეს კი, თბილისი სულ უფრო მეტად კომფორტული ხდება საცხოვრებლად. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მიიღო დედაქალაქის მერმა, მაგრამ ვცდილობთ, რომ „დანატოვარი“ სწრაფი ტემპით გამოვასწოროთ.

სპორტული კომპლექსის „ოლიმპიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 1,7 ჰექტარ ფართობზე, ჩოგბურთის სათამაშო კორტები მოეწყო. აშენდა ადმინისტრაციული შენობა, 9 ღია და 2 დახურული კორტი, დამონტაჟდა ტრიბუნები, გათბობის და სავენტილაციო სისტემები.  უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი კორტები საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალ მოედანზე ლეილა მესხთან ჩოგბურთიც ითამაშა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)