Google+

რელიზები

30.12.2011
ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფოთის საკათედრო ტაძარს ესტუმრა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ფოთის საკათედრო ტაძარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პრეზიდენტის ფონდიდან 700 ათასი ლარი გამოიყოფა. მიხეილ სააკაშვილმა ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და განაცხადა, რომ 2012 წელი ფოთის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული იქნება - დასრულდება დაწყებული და განხორციელდება ახალი პროექტები.  

„ამ ტაძრის რესტავრაცია პატრიარქთან და მეუფესთან ერთად რამდენიმე წლის წინათ დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები უნდა დაჩქარდეს. ამას გარდა, ფოთელებს მინდა ვუთხრა, რომ წლევანდელი წელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. წელს ჩვენ აქ რამდენიმე დიდი ქარხნის მშენებლობას და გახსნას ვიწყებთ, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია. წელს იწყება სამუშაოები ფოთის პორტის გასაფართოებლად. საერთოდ, მინდა გვესმოდეს, რომ ეს არის განვითარების ერთი ხაზი - როდესაც ჩვენ ანაკლიას ვანვითარებთ, ეს ფოთს ეხმარება, როდესაც ლაზიკს მშენებლობას ვიწყებთ, ეს ათმაგად აძლიერებს ფოთს, როდესაც აქ აეროპორტის მშენებლობა იწყება (როგორც იცით უკვე დაწყებულია და იმედია მომავალი წლისთვის დასრულდება) ეს ფოთს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. თქვენ იცით, რომ ავტობანი ფოთამდე გაგვყავს და ვაკეთებთ ჩქაროსნულ რკინიგზას, რომლის მეშვეობით თბილისდან ჩამოსასვლელად, ორჯერ ნაკლები დრო დაგვჭირდება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ ფოთი მართლაც მნიშვნელოვანი ცენტრი, ხოლო აქ ცხოვრება ძალიან კომფორტული გახდეს. ჩვენი აქ შეკრება მეუფეს პირადად ვთხოვე. ახალი წელი დგება და ახლა საჩუქრების დარიგების დროა. შესაძლოა, ჩემი საჩუქარი ზოგადი იყოს, მაგრამ ამ ტაძრისთვის ის ძალზე კონკრეტულია. დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას და საპრეზიდენტო ფონდიდან 700 ათას ლარს გამოვყოფთ, რათა ტაძრის რეაბილიტაციის დასრულება და გუმბათის მოოქროება დავაჩქაროთ. იმ პირობებში, როდესაც ფოთში უამრავი სხვა რამ, მათ შორის, თეატრი შენდება, ეს ტაძარი, თავისი ბრწყინვალებით, ამ აღმშენებლობის სიმბოლო და გვირგვინი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამჟამად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გარე ფასადის პირვანდელი სახე აღდგენილია და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 2012 წლის ზაფხულში დასრულდება.

ფოთის საკათედრო ტაძარი 1906 წელს აშენდა, 1936 წელს კი, საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შენობა ფოთის თეატრს გადაეცა. ვარდების რევოლუციის შემდეგ,  მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, შენობა კანონიერ მფლობელს - საპატრიარქოს გადაეცა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)