რელიზები
30.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ჩაქვში ახალი საავადმყოფო გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ჩაქვში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი თანამედროვე საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი კლინიკა ანდრია ურუშაძესთან და ყირგიზ ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა. იგი სამედიცინო ცენტრის მედპერსონალსაც გაესაუბრა და კლინიკის პირობებით დაინტერესდა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ახალი საავადმყოფოების მშენებლობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით განხორციელებული რეფორმების შედეგია. შესაბამისად, ქვეყანას უკვე გაუჩნდა იმის რესურსი, რომ ამ სფეროს განვითარებაზე იზრუნოს.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღენაკლულ ახალშობილთა ინკუბატორები, რომლებიც უკვე ყველა ახლადგახსნილ საავადმყოფოშია, 2 წლის წინათ მხოლოდ რამდენიმე იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
„დღენაკლულ ახალშობილთა ინკუბატორი შარშან მხოლოდ ორი გვქონდა ღუდუშაურის საავადმყოფოში და ისიც ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ამ აპარატურით სარგებლობა უზარმაზარ რიგებთან იყო დაკავშირებული და მხოლოდ ჩაწყობით ხდებოდა. ახლა კი, მსგავსი აპარატურა ყველა რაიონულ ცენტრში დგას და აღარავის აღარ უკვირს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრების ბევრად მაღალი დონე აქვთ, უცხოელებს ხშირად უკვირთ, რომ საქართველოში ერთდროულად 150 საავადმყოფო შენდება, რადგან იქ რამდენიმე საავადმყოფოს ასაშენებლად ძლივს შოულობენ თანხას და ამასთან დაკავშირებით მუდმივად აქვთ პრობლემა. ჩვენთან მშენებლობები ინვესტიციების ხარჯზე მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი რესურსია ის, რომ საქართველოში არ არის კორუფცია. ეს არის ისეთი რამ, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. ზოგადად, მთავრობა ან ფულს აკეთებს, ან მსგავს საავადმყოფოებს აშენებს; ან ზოგიერთები ჯიბეს ისქელებენ, ან გზები და სკოლები კეთდება - სწორედ ეს ეს არის ალტერნატივა. მიმაჩნია, რომ ჩვენი რეფორმების შედეგების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული გარღვევა ახალი საავადმყოფოებია და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჩაქვის რაიონული საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-მა ააშენა და განკუთვნილია როგორც ჰოსპიტალური, ასევე პრეჰოსპიტალური მომსახურებისთვის. 20-საწოლიანი სამედიცინო ცენტრი, რომელშიც თერაპიული, სამეანო, ქირურგიული და სხვა განყოფილებებია განთავსებული, ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. კლინიკაში მედპერსონალი მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული და იქ 75 ადამიანი მუშაობს, რომლებმაც გადამზადების კურსი თბილისის წამყვან კლინიკებში გაიარეს.