Google+

რელიზები

25.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ 150  პედაგოგს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად ახალ სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები შეაფასა. შეხვედრისას, ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ აღნიშნულ პროგრამაში ახალგაზრდების ჩართულობა მათ დიდი გამოცდილების გარდა, მომავალი წინსვლის შესაძლებლობას მისცემს. 

„მაშინ, როდესაც თქვენს ერთ ნაწილს შევხვდი, ვთქვი, რომ თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები. დღეს საქართველოში არ არის უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფების ინტეგრაცია, მათ მიერ გათავისება, რომ ისინი არიან ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი და მათი ჩართვა საერთო სახელმწიფოებრივ პროცესში. იმის მიუხედავად, რომ  ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიური შობადობისა და  პოზიტიური მიგრაციის ბალანსი გვაქვს სხვა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ მაინც პატარა, მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ. ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს, საშუალება უნდა მივცეთ, რომ ჩვენი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი იყოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
ქვეყნის პირველმა პირმა მათ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს იდეალისტებისთვის ყველა გზა ხსნილია. იგი განათლების დარგის ახალ პროექტებსაც შეეხო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებსაც ხელისუფლებას ამ მიმართულებით აქვს.
„მომავალ წელს ქართველი იდეალისტების დიდი ჯგუფი შემოგიერთდებათ.  ჩვენთან ჩამოვიდა რამდენიმე ათასი ამერიკელი, ავსტრალიელი, ახალზელანდიელი პედაგოგი, რომლებიც ხელფასის გარეშე მუშაობენ. ეს მე სრულებით არ მიკვირს, რადგან საქართველოში ასეთივე იდეალისტები გვყავს - კიდევ უფრო თვალანთებული, კიდევ უფრო მოტივირებული და განსაკუთრებული. შეიძლება ვინმეს ეწყინოს კიდეც, მაგრამ თქვენ ნამდვილად საუკეთესო ქართველები ხართ -  ყველაფერი მიატოვეთ და იმყოფებით აქ. თქვენ წახვედით სრულიად უცნობ გარემოში, შესაძლოა, დისკომფორტსაც განიცდით, მაგრამ იცით  ამას რისთვის აკეთებთ. აი, ეს არის ნამდვილი თავდადება. ასეთი ქართველები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ესენი ის ქართველები არიან, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" კლიმატმა წარმოშვა. მათ აქვთ ახალი საქართველოს განცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში ვეღარ დაგვაბრუნებს. წარმოიშვა ახალი საქართველო, რომელიც სულ სხვა იდეალებზეა დაფუძნებული და სულ სხვა მოტივაცია ამოძრავებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებმაც ბულგარეთში შუმენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, IPAD-ებით დაასაჩუქრა. ინფორმაციულ ტექნოლოგიების განხრით მოპოვებული გამარჯვებისთვის პრეზიდენტმა საჩუქრები მე-11 კლასელი ჯიმშერ  სხირტლაძეს, მე-10 კლასელი ნიკა ნადირაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს გადასცა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ გამარჯვება მიულოცა და წინსვლა უსურვა. მისი თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტი საინჟინრო დარგებისა და ზუსტი მეცნიერებების განვითარებაა, რისთვისაც  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი  პროექტები აქვს შემუშავებული.  
„ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, როგორც ჩანს, საქართველოში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. თქვენ იცით, რომ ინტელის პირველი ქარხანა სწორედ ჩვენ ქვეყანაში ავაწყეთ. ამ საწარმოში გამოდის კომპიუტერები, რომლებსაც აწერია: „აწყობილია საქართველოში“. ამ კომპიუტერებით მარაგდება, მათ შორის, ის სკოლები, რომლებშიც თქვენ ხართ. არის პერსპექტივა, რომ ამ კომპიუტერებში დეტალები თანდათან ქართული წარმოების ელემენტებით ჩავანაცვლოთ. ამას გარდა, ვაშენებთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ უკვე მომავალი წლის შემოდგომით ბათუმში ეტაპობრივად დავიწყოთ ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა. ასევე, ვმუშაობთ არსებული ტექნიკური უნივერსიტეტისა და არსებული ფაკულტეტების სრულყოფაზე, საინჟინრო და IT დარგების ზოგად განვითარებაზე. სკოლებში კი წავახალისებთ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის სწავლებას...“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელსაც 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს.  პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, რომელთაგან, თითოეული ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობს და სახელმწიფო ენას ოჯახის წევრებსაც ასწავლიან. სასწავლო წლის დასრულებამდე ამ პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება. 
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)