28.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა სვენეთი-რუისის გვირაბები გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა ჩქაროსნული გზატკეცილის სვენეთი-რუისის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე ორი პარალელური 800-მეტრიანი საავტომობილო გვირაბი გახსნა, რომლებიც ერთმანეთთან მესამე გვირაბით არის დაკავშირებული. მიხეილ სააკაშვილი მეგზევეებს და მშენებლებს გაესაუბრა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ხალხს აქ ნებისმიერ პირობებში - ზაფხულის წარმოუდგენლად ცხელ დღეებში, წვიმასა და ყინვაში 24-საათიანი რეჟიმით უწევდათ მუშაობა. ეს ადამიანები რომ არ გვყოლოდა, მნიშვნელობა არ ექნებოდა იმას, ჩვენ რას დავგეგმავდით. მსოფლიოში არსად არ მსმენია, სპეციალისტები ასეთ პირობებში და ამ ინტენსივობით მუშაობდნენ. ამ ადამიანების ხელებით და თავდაუზოგავი შრომით გაკეთდა ყველაფერი. არ შემეძლო, არ გამომევლო და თითოეული თქვენგანისთვის პირადად არ მეთქვა მადლობა იმისათვის, რომ გვირაბი ამ პირობებშიც კი ძალიან სწრაფად ააშენეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილი საჭეს თავად მიუჯდა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ახალი გვირაბი და ბეტონის საფარიანი, ახლადდაგებული 30-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიარა. პრეზიდენტი გვირაბის სამშენებლო პროცესის დეტალებითა და სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული კმაყოფილება ორი პარალელური გვირაბის მშენებლობის ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე გამოთქვა. ქვეყნის პირველმა პირმა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„როდესაც კოპიტნარში იაფი ავიაკომპანიები შემოვა და რეისები დაინიშნება, ამ აეროპორტს გამოიყენებს როგორც საქართველოს მოსახლეობა, ისე მეზობელი ქვეყნების ძალიან ბევრი მოქალაქე. თბილისიდან კოპიტნარამდე მაქსიმუმ ორი საათის სავალი გზა იქნება. ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ახლა თბილისის აეროპორტიდან დედაქალაქის უმეტეს ადგილამდე მისასვლელად, დაახლოებით, ნახევარი საათია საჭირო. თბილისის ცენტრიდან კოპიტნარამდე საათი და 50 წუთი დასჭირდებათ, თუმცა ბილეთის ფასი თბილისის აეროპორტთან შედარებით, 2-3-ჯერ უფრო იაფი იქნება. ამიტომ, ამ გზას ავიაგადაზიდვის თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ხალხი ძალიან განთლებული და კვალიფიციურია, ყველა ასაკის ადამიანს ვგულისხმობ, თანაც ძალიან სწრაფად ჩქარა ექვემდებარება, მათ შორის, გადამზადებას. ეს არის ჩვენი დადებითი მხარე და ამიტომ, ვერავინ ვერ უნდა გვაჯობოს. ამდენ დიპლომიან და დაუსაქმებელ იურისტს, ან სხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდას, ჯობს ეს კონკრეტული საქმე ვასწავლოთ. ქვეყანა შენდება და ვითარდება. ახლა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სპეციალისტები უცხოეთიდან ვატაროთ. პირიქით, როცა საქართველოში ყველაფერს ავაშენებთ, სპეციალისტები უცხოეთში უნდა გავუშვათ სამუშაოდ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
გვირაბები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა და იქ უსაფრთხოების ზომები თანამედროვე სტანდატრების შესაბამისად არის დაცული. მთელ პერიმეტრზე სამაშველო-სატელეფონო ჯიხურებია განთავსებული და უახლესი განათების სისტემაა დამონტაჟებული.