Google+

რელიზები

26.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მელაანში ახალი საჯარო სკოლა გახსნა

მიხეილ სააკაშილმა დღეს სოფელ მელაანში ახლადაშენებული საჯარო სკოლა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის საკლასო ოთახები დაათვალიერა და ინგლისური ენის გაკვეთილსაც დაესწრო და უცხოელ მასწავლებელსაც გაესაუბრა, რომელიც მოზარდებს ინგლისურ ენას პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ასწავლის. საქართველოს პრეზიდენტი პირველკლასელებსაც გაესაუბრა და დაინტერესდა თუ როგორ იყენებენ ბავშვები სასწავლო პროცესში ნეტ-ბუქებს, რომელიც მათ თავადვე გადასცა. ამავე სკოლის სამი  წარჩინებული მეათეკლასელი პრეზიდენტმა  პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნიკა მომავალში საქართველოში, ადგილობრივი ძალებით უნდა შეიქმნას.  

„როდესაც გაიზრდებით, თავადვე უნდა შექმნათ ახალი კომპიუტერები. ამჟამად,   კომპიუტერების უმეტესობა უცხოეთიდან ჩამოტანილი დეტალებით ეწყობა, მომავალში კი ჩვენ თავადვე უნდა დავამზადოთ ისინი და დანარჩენ მსოფლიოს მივაწოდოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მელაანის სკოლის ახალი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაც მოინახულა, რომელიც პროგრამა „აინშტაინის" ფარგლებშიმოეწყო. საქართველოს პრეზიდენტმა მოსწავლეების მიერ დამზადებული ტექნიკა თავადვე გამოსცადა.

 „ის, რაც აქ გაკეთდა, ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ორი კვირის წინათ კახეთში იმ ათ საუკეთესო სტუდენტს შევხვდი, რომლებმაც წელს ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.  მნიშვნელოვანია, რომ ათივე მათგანმა  ტექნიკური სპეციალობები აირჩია. ამას გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ათი საუკეთესო სტუდენტიდან რვა ბიჭია. როგორც წესი, გოგონები, ბიჭებთან შედარებით, უკეთესი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.  აბიტურიენტი ბიჭების წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებშიიმის მანიშნებელია, რომ ისინი ქუჩაში უქმად აღარ დგანან. უწინ, ბიჭების უმრავლესობა ზარმაცობდა, დისციპლინას არღვევდა და „ბირჟებზე" იდგა, რადგან კარგი სწავლა სამარცხვინოდ ითვლებოდა. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. გაიზარდა ტექნიკური საგნებისადმი ინტერესი, ამავდორულად, იხსნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლები. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააუმჯობესებს საგანმანათლებლო რეფორმას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მელაანის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა ორას მოსწავლეზეა გათვლილი, მაგრამ, ამჟამად, იქ 160 მოსწავლე სწავლობს და 28 პედაგოგია დასაქმებული. სკოლაში კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები,  სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტები, ასევე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.

სკოლის დათვალიერების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომელიც სკოლასთან პრეზიდენტთან შესახვედრად საგანგებოდ იყო შეკრებილი.

„როდესაც ვხედავ განახლებულ და აღჭურვილ საკლასო ოთახებში განათებული თვალებით მსხდომ ჭკვიან ბავშვებს, უდიდესი ენერგიით ვივსები. თუკი შვილს ბავშვობიდანვე უზრუნველყოფ კომპიუტერით და ინგლისურ ენას ასწავლი, იმავე პირობებს შეუქმნი, რაც მის თანატოლებს აქვთ მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მისი ფსიქოლოგიაც შეიცვლება. ასეთ პირობებში გაზრდილ ბავშვს უცოდინრობის გამო ვეღარავინ დაჩაგრავს, იგი აღარასდროს იცხოვრებს სიღარიბეში, თვითონვე გაიკვლევს გზას და ოჯახსაც მალე დაეხმარება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრეზიდენტს მუდმივი გაზმომარაგებისა და ახალი წყალგაყვანილობისათვის მადლობა გადაუხადეს, ხოლო გზის კეთილმოწყობის საკითხი, რომელიც მთავარ პრობლემად დასახელდა, მიხეილ სააკაშვილის თქმით,  უახლოეს მომავალში მოგვარდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)